თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსი ვახტანგ გომელაური უახლოეს დროს ანტიტერორისტული ოპერაციის დეტალებზე პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინაშე ისაუბრებს, მოგვიანებით კი მათ მოსახლეობას გააცნობს, განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.
21-22 ნოემბერს თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათს გაგრძელდა. დაკავებულია ერთი ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციისას დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი, ხოლო ოთხი დაშავდა. სუს-ის უფროსმა განაცხადა, რომ საუბარია საერთაშორისო ტერორიზმზე.
„უახლოეს დღეებში ბარტონი ვახტანგ გომელაური პირველ რიგში ნდობის ჯგუფის ფარგლებში, პირველად ინფორმაციას მიაწვდის შესაბამის წევრებს, მომავალში კი საზოგადოება მაქსიმალურად იქნება ინფორმირებული“, — განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
დეპუტატმა გააკრიტიკა ოპოზიციური პარტიების წარმომედგენლები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს სპეცსამსახურებმა ქვეყანაში ტერორისტები შემოუშვეს.
„ის ვერსია, რომ თითქოს თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შემოიყვანა, უბრალოდ ღირსების შემლახავია. რას ეუბნებით, გარდაცვლილი გმირი სპეცრაზმელის ოჯახის წევრებს ან მის თანამებრძოლებს, რომ მისმა ხელმძღვანელობამ მტერი შემოიყვანა და თანამებრძოლი და ოჯახის წევრი მოუკლა? ეს სირცხვილია თქვენი მხრიდან“, — განაცხადა სესიაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება საზოგადეობის ინფორმირებით დაინტერესებულია.
„ჩვენი ხელისუფლება არის დაინტერესებული, რომ მაქსიმალურად დროულად და აბსოლუტურად ამომწურავად მოხდეს საზოგადოების ინფორმირებულობა, თუ რა მოხდა. რამდენადაც ჩვენ ერთის მხრივ ყველა კითხვაზე პასუხი გვაქვს გასაცემი და მეორეს მხრივ კი ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ძლიერი უსაფრთხოების გარემო“, — აღნიშნა სესიაშვილმა.
პარლამენტის ნდობის ჯგუფი — დეპუტატთა ხუთკაციანი ჯგუფია, რომლებსაც საიდუმო ინფორმაციასთან აქვთ წვდომა და მისი გათქმის უფლება არ აქვთ.
მანამდე სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის შეიძლება იყოს ახმედ ჩატაევი, რომელიც აშშ-მა 2015 წელს საერთაშორისო ტერორისტების სიაში შეიყვანეს.
საქართველოს ხელისუფლება ლიკვიდირებულთა ვინაობას და სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ დამატებით ინფორმაციას ჯერჯერობით არ ამჟღავნებს.
რაც შეეხება დაკავებულს, ეს არის ვინმე საიდ დუდაევი. ის აყვანილია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 21 ნოემბერს, მანამ, სანამ ტერორისტთა დაკავების სპეცოპერაცია ბრძოლაში არ გადაიზრდა.
გამოძიებაში ამერიკული სპეცსამსახირები ჩაერთვნენ.
დუდაევის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 328-ე („უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებულ ასეთ ორგანიზაციაში გაერთიანება ანდა მისი დახმარება ტერორისტულ საქმიანობაში“) და 323-ე პრიმა 1 მუხლებით („ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან გამოყენება ტერორისტული მიზნით“).