თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ საქართველოს სახალხო დამცველის პოსტზე გენერალური აუდიტორის ყოფილ მოადგილე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას წარადგენს.
აღნიშნული გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ დახურულ კონსულტაციებზე მიიღო.
„გავითვალისწინეთ სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის, ჩვენი კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან, ესეც იყო მნიშვნელოვანი ასპექტი ამ კონსულტაციების. ასევე, გავითვალისწინეთ გამოცდილება, კვალიფიკაცია, მიუკერძოებლობის კრიტერიუმი და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საბოლოო ჯამში, უმრავლესობამ არჩევანი შეაჩერა ქალბატონ ნინო ლომჯარიაზე“, — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
მან არ გამორიცხა, რომ შემდეგ კვირაში საქართველოს ახალი ომბუდსმენი ეყოლება.
ამჟამინდელი ომბუდსმენის უფლებამოსილების ვადა 1 დეკემბერს იწურება. საქართველოს პარლამენტს ერთ კვირაზე ოდნავ მეტი დრო აქვს იმისათვის, რომ ახალი სახალხო დამცველის კანდიდატურა დაამტკიცოს.
ლომჯარიას კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, რაც „ქართული ოცნებისთვის“ და მისი საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის სირთულეს არ წარმოადგენს, ის მეორე ომბუსდმენი ქალი გახდება. 2000-2003 წლებში საქაქრთველოს სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი იყო.
ლომჯარიას გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების კანდიდატურებია: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე და პრეზიდენტის შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე.
ნინო ლომჯარია — დაიბადა ოზურგეთში, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, შემდეგ კი — ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა (სენტ-ლიუისი, აშშ).
2005 წელს დაიწყო მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციაში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, სადაც სხვადასხვა პროექტს ხელმძღვანელობდა.
2011 წელს ლომჯარია არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასულებელი დირექტორი გახდა. 2015 წლიდან ბოლო დრომდე ორგანიზაციაში არჩევნებისა და სამართლის საკითხებში კონსულტანტი იყო.
არის რამდენიმე კვლევის ავტორი, რომლებიც კორუფციასთან ბრძოლას და საარჩევნო გარემოს ეხება.
ლომჯარიას არაერთხელ გაუკრიტიკებია მმართველი პარტია, რის გამოც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან თავადაც კრიტიკა დაიმსახურა.
სახალხო დამცველის აპარატის მთავარი მიზანია ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა. მხოლოდ ამ სტრუქტურის წარმომადგენლებს აქვთ უფლება, სპეციალური ნებართვის გარეშე მოინახულონ დაკავებულები ან პატიმრები. ომბუდსმენი წელიწადში ერთხელ პარლამენტის წინაშე ადამიანის უფლებების მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობისა და გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშით გამოდის.
სახალხო დამცველს ხუთი წლით ირჩევენ. ომბუდსმენის პოსტზე კანდიდატურის წარდგენა შეუძლია ფრაქციას ან ექვსკაციან დეპუტატთა ჯგუფს. გამარჯვებისთვის კანდიდატმა პარლამენტში სულ ცოტა 76 დეპუტატის ხმა უნდა მიიღოს.
სსრკ-ის დაშლის შემდეგ საქართველოს სულ ექვსი სახალხო დამცველი ჰყავდა: დავიდ სალარიძე, ნანა დევდარიანი, თემურ ლომსაძე, სოზარ სუბარი, გიორგი ტუღუში და უჩა ნანუაშვილი.