სამხედრო გზა და ვაჭრობა – რაზე იმსჯელეს აბაშიძემ და კარასინმა

© photo: Sputnik / Vladimir Ivanovზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი
ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეტალურად მიმოიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეხვედრის თემები.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში განიხილეს ურთიერთობების განვითარების საკითხები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი და ჰუმანიტარული კონტაქტები.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში აბაშიძისა და კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.

„ამ სფეროებში მიღწეული პოზიტიური შედეგები ურთიერთობების შემდგომი გაჯანსაღების შესაძლებლობას ხაზს უსვამს. მიმდინარე წლის ცხრა თვეში საქონელბრუნვა რუსეთსა და საქართველოს შორის 33%-ით გაიზარდა და 646 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გაორმაგდა რუსეთში ქართული ღვინის მოწოდება. ჩვენი ქვეყანა ამ პროდუქციის მთავარი იმპორტიორი რჩება — ყიდულობს საქართველოს მიერ ექსპორტირებული ღვინის ნახევარზე მეტს", — აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე: რუსეთთან დიალოგი რთულია, მაგრამ აუცილებელი

ასევე აღინიშნა საქართველოსა და რუსეთს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა. რვა თვის განმავლობაში რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაიყვანეს 300 ათასზე მეტი მგზავრი, რაც გასული წლის მაჩვენებლებს ორჯერ აღემატება.

ასევე გაორმაგდა საავტომობილო ტვირთგადაზიდვებიც. რვა თვეში ამ მაჩვენებელმა თითქმის 500 ათას ტონას მიაღწია.

მხარეებმა შეხვედრაზე ასევე განიხილეს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ("საქართველოს სამხედრო გზა") საავტომობილო გზაზე მიმოსვლის საიმედოობის ამაღლების პრობლემა.

„მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ ამჟამად ქვეყნების ერთადერთი დამაკავშირებელი სახმელეთო მარშრუტის არსებითი მოდერნიზაციის ღონისძიებები. ამ კონტექსტში შეთანხმდნენ საერთო საზღვარზე ზემო ლარსი-ყაზბეგის საკონტროლო-გამშვები პუნქტის მუშაობის სრულყოფის მიზნით ძალისხმევის კოორდინირების მზადყოფნაზე", — ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ აქტიურად ვითარდება ჰუმანიტარული კონტაქტები. ივლისში სანქტ-პეტერბურგში გაიმართა ქართული კინოს დღეები, ოქტომბერში ქართული დელეგაცია მონაწილეობდა სოჭის ახალგაზრდობისა და სტუდენტობის XIX ფესტივალში. სულ უფრო მეტი სტუდენტი სწავლობს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში.

ოფიციალურმა მოსკოვმა ასევე შეშფოთება გამოთქვა საქართველოსა და ნატოს ურთიერთობების გაღრმავებასთან დაკავშირებით.

„ჩვენი მხრიდან კვლავ აღინიშნა, რომ ნატოსთან თბილისის კავშირების გაფართოება, ასევე ქართველი ოფიციალური პირების არამეგობრული რიტორიკა საერთაშორისო არენაზე კონტრასტს ქმნის სავაჭრო, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული კავშირების გამტკიცების ტენდენციასთან და ურთიერთმომგებიანი პროცესის ჩაშლა შეუძლია", — აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

პრაღა - Sputnik საქართველო
რაზე შეთანხმდნენ აბაშიძე და კარასინი: აბაშიძის ვერსია

გარდა ამისა, აბაშიძემ და კარასინმა განიხილეს შეთანხმება ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ. მხარეებმა ამ შეთანხმებას 2011 წელს მიაღწიეს, როდესაც ქართულმა მხარემ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შესვლაზე ვეტო მოხსნა მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაივლის სავაჭრო დერეფნები რუსეთიდან საქართველოში, ხოლო მხარეები მოიწვევენ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ტვირთების ნაკადს და მათ მარკირებას განახორციელებენ. ამისთვის შეარჩიეს შვეიცარიული კომპანია SGS.

„რუსული მხრიდან აღინიშნა, რომ აუცილებელია ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ 2011 წლის შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციის უსწრაფესი დაწყება. ამას რეგიონული კავშირებისთვის დიდი დადებითი მნიშვნელობა ექნებოდა. შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში ჩატარდეს რუსი და ქართველი ექსპერტების შეხვედრა შვეიცარიის წარმომადგენლების მონაწილეობით, რათა დასრულდეს მოსამზადებელი სამუშაოები", — აღნიშნავს რუსეთის საგარეო უწყება.

აბაშიძის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მხარეების შეხვედრა ორი კვირის განმავლობაში გაიმართება.

„ნოემბრის ბოლოს შვეიცარიაში გაიმართება გაფართოებული შეხვედრა, სადაც შეიკრიბებიან საქართველოს, შვეიცარიის, რუსეთის წარმომადგენლები და იმსჯელებენ 2011 წლის ხელშეკრულებაზე. სწორედ ამ შეხვედრაზე უნდა იყოს განხილული ყველა ნიუანსი, რომელიც ამ დრომდე ორ ქვეყანას შორის არ არის ბოლომდე შეთანხმებული", — ციტირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ზურაბ აბაშიძეს.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს პრაღაში, შემდეგი შეხვედრა 2018 წლის თებერვალშია დაგეგმილი.

ფულის კუპიურები. აშშ დოლარი - Sputnik საქართველო
ფულადი გზავნილები საქართველოში იზრდება – ლიდერობს რუსეთი

სავიზო რეჟიმის საკითხზე კარასინმა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-სთან ისაუბრა.

„საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას ხელს უშლის არა მხოლოდ ჩვენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა, ამ საკითხში დიდ როლს ასრულებს ასევე უსაფრთხოება ამ რეგიონში. საქართველოსთან ახლოს მიმდინარეობს სამხედრო კონფლიქტები, დაფიქსირებულია ტერორისტების ამ გზით რუსეთის ტერიტორიაზე შემოსვლის მცდელობები. ამიტომ ეს ვითარება ექსპერტების სერიოზული მსჯელობისა და ანალიზის საგანია", — განაცხადა კარასინმა.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით შეწყდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.

ამჟამად რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა უვიზოდ შეუძლიათ, თუმცა საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ჩასვლისთვის ვიზა სჭირდებათ.

ყველა ახალი ამბავი
0