თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ფულადი გადარიცხვების მოცულობით კვლავ რუსეთი ლიდერობს — 2017 წლის ოქტომბერში რუსეთიდან დაახლოებით 39,3 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2016 წლის ოქტომბერთან შედარებით 13,4%-ით მეტია, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.
ოქტომბერში ელექტრონული სისტემების მეშვეობით საქართველოს კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 31,9% რუსეთზე მოდის.
ელექტრონული სისტემების მეშვეობით საქართველოს კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობა ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით გაიზარდა და დაახლოებით 123 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
მეორე ადგილზეა საბერძნეთი — ოქტომბერში ამ ქვეყნიდან 13,2 მილიონ დოლარზე მეტი გადმორიცხეს, რაც 17,1%-ით მეტია 2016 წლის ოქტომბრის მაჩვენებელთან შედარებით.
შემდეგ მოდიან იტალია — დაახლოებით 12,7 მილიონი დოლარი (+24,2%), აშშ — 12,3 მლნ დოლარამდე (+6%), ისრაელი — 11 მლნ დოლარზე მეტი (+97%), თურქეთი — 10 მლნ დოლარზე მეტი (+15,3%).
2017 წლის პირველ ათ თვეში უცხოეთიდან საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვების მოცულობა 19,8%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით და 1,1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.
რუსეთიდან საქართველოში წლის დასაწყისიდან ფულადი გზავნილები 17%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის საანგარიშო პერიოდში. 2017 წლის იანვარი–ოქტომბერში რუსეთიდან ფულადი გზავნილების საერთო მოცულობამ 371 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში აშშ-დან გადმორიცხეს დაახლოებით 117,3 მლნ დოლარი, რაც 13,6%-ით მეტია გასული წლის იანვარი-ოქტომბრის მაჩვენებელზე. შემდეგ მოდიან იტალია — დაახლოებით 115 მლნ დოლარი (+15,8%), საბერძნეთი — დაახლოებით 114 მლნ დოლარი (+9%), ისრაელი — 95,2 მლნ დოლარზე მეტი (+100%), თურქეთი — თითქმის 90 მლნ დოლარი (+27,4%).
საქართველოდან ოქტომბერში საზღვარგარეთ გადარიცხეს 18,5 მლნ აშშ დოლარზე მეტი, რაც დაახლოებით 4%-ით მეტია გასული წლის ოქტომბრის მონაცემზე. მთლიანობაში ათ თვეში საქართველოდან უცხოეთის ქვეყნებში გადაირიცხა 153,1 მილიონ დოლარზე მეტი, რაც 7,1%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
როგორ მოქმედებს ფულადი გადმორიცხვები ეკონომიკაზე
ფულადი გადმორიცხვების ზრდა ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკური ზრდის სტაბილიზაციას, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში სოსო სიმონიშვილმა.
„საქართველოში უცხოეთიდან გადმორიცხვები დამაჯერებელ ნაწილს შეადგენს ქვეყნის მყარი ვალუტის შემოსავლების — დოლარის, როგორც სარეზერვო ვალუტის, დოლარის, როგორც საგარეო ვაჭრობის გადახდის საშუალების, ამიტომ ამ გადმორიცხვების ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის", — განაცხადა სიმონიშვილმა.
ქვეყნებს შორის, საიდანაც გადმოირიცხა ტრანზაქციები მყარ ვალუტაში, ტრადიციულად ბოლო წლებში რუსეთი ლიდერობს, თუმცა იზრდება გადმორიცხვები ევროკავშირის ქვეყნებიდან, ეს მოცულობა უკვე უახლოვდება რუსეთიდან გადმორიცხვებს და დინამიკურად იზრდება, აღნიშნა სიმონიშვილმა.
„ანალიზის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ, როგორც ჩანს, რუსული ეკონომიკა, ისევე, როგორც ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკა, ადაპტაციას ახდენს ახალ პირობებთან — პირობებთან, რომელშიც ისინი ორმხრივი ემბარგოს შემდეგ იმყოფებიან. რუსეთში, სავარაუდოდ, შეინიშნება იმ კომპანიების ზრდა, რომლებიც იმპორტს ანაცვლებენ — ეს რუსეთში სახელმწიფო პროგრამაა", — განაცხადა ექსპერტმა.