ჭარაია: დიდი ხანია ეკონომიკური ზრდის ასეთი ტემპი არ გვქონია
„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუმჯობესება საქართველოს ეკონომიკაში არსებულ გარკვეულ მიღწევებს ეფუძნება, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მაღალია ეკონომიკური ზრდა, მაღალია ინფლაციის მაჩვენებელიც, რომელმაც შეიძლება ის კეთილდღეობა, რასაც ქვეყანა მშპ-ის ზრდის ხარჯზე მიიღებს, მოსახლეობის ცხოვრების დონეზე პირდაპირ ვერ აისახოს“, – განუცხადა ვახტანგ ჭარაიამ „Sputnik–საქართველოს“.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. EBRD-ს განახლებული ანგარიშის მიხედვით, 2017 და 2018 წლებში საქართველოს ეკონომიკა 4,5%-ით გაიზრდება. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი, წინა პროგნოზთან შედარებით, 2017 წლისთვის 0,6%-ით, ხოლო 2018 წლისთვის 0,3%-ით გაუმჯობესდა.