პრემიერი: საქართველოს ეკონომიკური განვითარება სწორი მიმართულებით მიმდინარეობს

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა მთავრობის სხდომაზე
გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა მთავრობის სხდომაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერმა შეაჯამა ქართული დელეგაციის მონაწილეობა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ვაშინგტონში გამართულ ყოველწლიურ ფორუმზე

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო, რეფორმების კუთხით არის ნამდვილად ლიდერი რეგიონში, — შეფასებას, რომელიც აშშ-ში ქართული დელეგაციის ვიზიტის დროს ქვეყანამ დაიმსახურა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილმიხუთშაბათს მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა.

ქართული დელეგაცია ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით ვაშინგტონში 11-15 ოქტომბერს მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჯგუფის ყოველწლიურ თათბირს დაესწრო.

ვიზიტს, რომლის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ისე სარეიტინგო კომპანიებისა და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებთან, პრემიერმა ძალიან წარმატებული უწოდა.

„ამ შეხვედრების ძირითად ლაიტმოტივს წარმოადგენდა საქართველოს წარმატება, ის, რომ საქართველო რეფორმების კუთხით არის ნამდვილად ლიდერი რეგიონში; ის, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მიმდინარეობს სწორი მიმართულებით", — ციტირებს პრემიერს მისი პრესსამსახური.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო
მსხვილი უცხოური ბანკები საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრით დაინტერესდნენ

კვირიკაშვილმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების შეფასების დიდ მნიშვნელობაზე მიუთითა და განაცხადა, რომ ორგანიზაცია საქართველოსთან თანამშრომლობის მორიგ დოკუმენტზე მუშაობს.

„აღსანიშნავია, რომ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის სირილ მიულერის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების დადებითი ტემპი იძლევა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს და მსოფლიო ბანკი მუშაობს საქართველოსთან თანამშრომლობის 5-წლიანი ჩარჩო-დოკუმენტის შექმნაზე", — განაცხადა პრემიერმა.

ამ დოკუმენტის მთავარი მიმართულებები, რეგიონულ განვითარებასთან ერთად, იქნება განათლება და ინოვაციები.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა, მათ შორის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოთქვეს მზადყოფნა, მხარდაჭერა აღმოუჩინონ საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით.

ახალი თბილისი - Sputnik საქართველო
EBRD: საქართველო ევროპის „მეორე ტალღის" ლიდერია

„არის ძალიან კარგი გეგმები სისტემური განვითარების მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან 2018 წლის მესამე კვარტლიდან საქართველოში მუშაობას დაიწყებს საპენსიო სისტემის დამატებით მოდელი, რომელიც დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნას გულისხმობს; ამის პარალელურად კაპიტალის ბაზრის ახალი პროექტის ამუშავება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი", — განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო სხვა ძალიან ბევრ ქვეყნისთვის საინტერესო შეხვედრაში.

„ერთის მხრივ, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის ძალიან კარგი კოორდინაცია და მეორეს მხრივ, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის დამოუკიდებლობა არის სწორედ ერთ-ერთი იმ მნიშვნელოვან საფუძველთაგანი, რომელიც ქმნის ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკური გარემოს ძალიან მნიშვნელოვან საძირკველს", — განაცხადა პრემიერმა.

Fitch - Sputnik საქართველო
საქართველო საკრედიტო რეიტინგის გაზრდის იმედს გამოთქვამს

კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი და ქვეყანაში კიდევ ბევრი სამუშაოა, რათა ეკონომიკური ცხოვრების დონე აიწიოს.

„მაგრამ მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, ტენდენცია, რომელიც აღებული აქვს ჩვენს ქვეყანას, არის ძალიან ჯანსაღი, დადებითი და ამ ტენდენციით ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ქვეყანაში ცხოვრების დონე თვისობრივად შეიცვალოს. დარწმუნებული ვარ, ეს საფუძველი, რომელიც ჩაყრილია, აუცილებლად ძალიან ეფექტურად იმუშავებს ამ მიმართულებით", — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჯგუფი ყოველწლიურად ატარებს თათბირს, სადაც განიხილება სიღარიბის შემცირების, საერთაშორისო ეკონომიკური განვითარებისა და დინანსური საქმიანობის საკითხები. ყოველწლიური თათბირები საერთაშორისო თანამშრომლობისთვის ფორუმის პლატფორმას წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0