თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს დელეგაცია პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საშემოდგომო შეხვედრაში მონაწილეობს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საშემოდგომო თათბირების ფარგლებში ქუმსიშვილი ვაშინგტონში საინვესტიციო ბანკების — JPMorgan-ისა და Deutsche Bank-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
„გამომდინარე საქართველოს სტაბილური მაკროეკონომიკრი მაჩვენებლებიდან, კომპანიებმა JPMorgan-მა და Deutsche Bank-მა გამოხატეს ინტერესი საქართველოს საფონდო ინსტრუმენტების განვითარების, ასევე საზღვარგარეთ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვების და ქვეყნის მიმართ დახმარების მიმართულებით“, — განაცხადა ვიცე-პრემიერმა ზემოაღნიშნული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
„აღნიშნული ინტერესი, თავისთავად, ნიშნავს საერთაშორისო ინვესტორების ნდობას საქართველოს ეკონომიკის, ისე საქართველოს ეროვნული ვალუტის მიმართ“, — განაცხადა ქუმსიშვილმა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.
JPMorgan-ი 1799 წელს დაარსდა და საინვესტიციო საბანკო მომსახურების და სანდო მმართველობის სფეროში ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია. ამჟამად ბანკი, რომლის აქტივები 2 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული, საქმიანობას 60-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს.
Deutsche Bank-ი დაარსდა ბერლინში 1870 წელს საერთაშორისო ბიზნესის გაფართოების, სხვა ევროპულ ქვეყნებსა და უცხოურ ბაზრებთან გერმანიის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისა და მომსახურების მიზნით. ამჟამად Deutsche Bank-ი საფინანსო მომსახურების წამყვანი საერთაშორისო მომწოდებელია.