თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ვიზიტი — სავალუტო ფონდის ახალი პროგრამის ფარგლებში 30 მილიონი SDR (42,3 მლნ აშშ დოლარი) ოდენობით მეორე ტრანშის გამოყოფის საკითხი ნოემბერში გადაწყდება, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
გადაწყვეტილებას სსფ-ის დირექტორთა საბჭო საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შორის მიღწეული შეთანხმების განხილვის შემდეგ მიიღებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც საქართველოში ორკვირიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, დადებითი დასკვნა დაურთო მიმდინარე პროგრამის "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი" (Extended Fund Facility) პირველ მიმოხილვას.
სსფ მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობს გონივრული პოლიტიკა და სავაჭრო პარტნიორების სწრაფი ზრდა.
სამწლიანი ახალი პროგრამა, რომელიც საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენაა მიმართული, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა. შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსთვის 285 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას, საიდანაც ქვეყანამ უკვე მიიღო 40,7 მლნ აშშ დოლარი.