თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა ჯიჰად აზურმა თბილისში ვიზიტის დროს საქართველო ეკონომიკური პოლიტიკისთვის შეაქო, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.
„სავალუტო ფონდის მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც პრემიერ-მინისტრთან, ისე მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და ეროვნულ ბანკთან შეხვედრებზე დეტალურად განვიხილეთ 4-პუნქტიანი გეგმის მიმდინარეობა და პროგრესი, რომელიც გვაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარების მიმართულებით,“ — განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისი სიტყვებით, სავალუტო ფონდიდან მიღებული პროგრამა, პრაქტიკულად, მთავრობის 4-პუნტიანი გეგმის მხარდაჭერის პროგრამაა.
„სწორედ სავალუტო ფონდის მხარდაჭერით გვაქვს შესაძლებლობა, რომ დონორი ორგანიზაციებიდან აღნიშნული გეგმის განსახორციელებლად საჭირო თანხა მოვიზიდოთ“, — აღნიშნა ქუმსიშვილმა.
მინისტრმა სავალუტი ფონდს მხარდაჭერისა და ტექნიკური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
გარდა ამისა, აზურმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართა შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა მომავალ საპენსიო რეფორმაზე იმსჯელეს.
საპენსიო რეფორმის ამოქმედებამდე მომზადდება საკანონმდებლო ცვლილებები და უზრუნველყოფილი იქნება აუცილებელია ინსტიტუციური და ტექნიკური ინფრასტრუქტურა.