თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ქალაქებისა და რაიონების მერების არჩევნების მეორე ტურში, რომელიც საქართველოში კვირას გაიმართა, მონაწილეობა 109,3 ათას მოქალაქეზე მეტმა მიიღო, რაც ამ ოლქების ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 33,2%-ია, ნათქვამია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
არჩევნების მეორე ტური გაიმართა ქალაქ ქუთაისსა და ხუთ რაიონში — მარტვილში, ხაშურში, ყაზბეგში, ოზურგეთსა და ბორჯომში, რადგანაც 21 ოქტომბერს გამართულ პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ბარიერი.
„მოსახლეობის ყველაზე დიდი აქტივობა ყაზბეგში დაფიქსირდა — საარჩევნო უბნებზე მოსახლეობის 53,02% გამოცხადდა. ყველაზე დაბალი აქტივობა კი ქუთაისში იყო — 18,10%“, — ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 55 ათასზე მეტმა ქალმა და 54,3 ათასზე მეტმა მამაკაცმა, განუცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს.
მისი სიტყვებით, საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესი კანონის შესაბამისად მოხდა. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს საშუალება ჰქონდათ ხმების დათვლის პროცესს დაკვირვებოდნენ.
ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში ჯამში 35 საჩივარი შევიდა. საოლქო საარჩევნო კომისიებში შეტანილი საჩივრების უმეტესობის მოთხოვნა კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაა, თუმცა, არის სხვა მოთხოვნებიც, რომლებსაც კომისია კანონით განსაზღვრულ ვადებში განიხილავს. შემოსული საჩივრებიდან ყველაზე მეტი — 14 დაფიქსირდა ოზურგეთში, ბორჯომში — 12, ქუთაისში — 4, ხაშურში — 2, ყაზბეგში — 2, ხოლო მარტვილში — 1.
არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ასეთია:
ქუთაისის საარჩევნო ოლქი
№5 — გრიგოლ ვაშაძე (საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) — 12,45%
№41 — გიორგი ჭიღვარია („ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო") — 87,55%
ყაზბეგის საარჩევნო ოლქი
№3 —სანდრო ყამარაული (საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა — დემოკრატიული მოძრაობა — თავისუფალი საქართველო") — 31,35%
№41 — ალექსანდრე ზაგაშვილი („ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო") — 68,65%
ხაშურის საარჩევნო ოლქი
№41 — გიორგი გურასპაშვილი („ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო ") — 61,31%
№42 — რომან ნოზაძე (საინიციატივო ჯგუფი) — 38,69%
ბორჯომის საარჩევნო ოლქი
№8 — ზაზა ჩაჩანიძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი") — 44,78%
№41 — ლევან ლიპარტია („ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო") — 55,25%
ოზურგეთის საარჩევნო ოლქი
№41 — ბეგლარ სიორიძე („ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო") — 49,89%
№42 —კონსტანტინე შარაშენიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) — 50,11%
მარტვილის საარჩევნო ოლქი
№5 — მამუკა დანელია (საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) — 6,96%
№41 —ალექსანდრე გრიგალავა („ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო") — 93,04%