თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ახალარჩეული მერი 12 ნოემბერს თბილისის მერი ოფიცალურად გახდა და ორშაბათიდან, 13 ნოემბრიდან სამუშაოს შეუდგება, ნათქვამია თბილისის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კახა კალაძემ თბილისის მერის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 51,09% დააგროვა და პირველივე ტურში გაიმარჯვა.
საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს.
იკითხეთ ასევე: პრემიერს კალაძის იმედი აქვს — 12 ნოემბერს თბილისს ახალი მერი ეყოლება >>
ახალარჩეული მერის უფლებამოსილების დაწყებისთანავე შეწყდა თბილისის მერის, დავით ნარმანიას, მისი მოადგილეების, მერიის სამსახურების უფროსებისა და ქალაქის რაიონული გამგეობების უფროსების უფლებამოსილებაც.
ორშაბათს კახა კალაძე საქმიანობას ახალ გუნდთან ერთად შეუდგება.
რა ელის მერიას
მიუხედავად იმისა, რომ კალაძე ქალაქის მთავრობის თანამშრომლების უმეტესობის დათხოვნას არ აპირებს, თბილისის მერიას სერიოზული ცვლილებები ელოდება.
როგორც მერიის წარმომადგენლები აცხადებენ, ძირითადი ამოცანა იქნება, მერიის ყველა სერვისი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. გარდა ამისა, კალაძე გეგმავს იმ სერვისებისათვის, რომლებსაც თბილისის მერია და მისი სამსახურები სთავაზობენ, „ერთი ფანჯრის“ პრინციპი აამოქმედოს, ნაწილი კი ხელმისაწვდომი ონლაინ-რეჟიმში გახადოს.
გარდა ამისა, ახალი მერი თბილისის მერიის სტრუქტურის შეცვლას გეგმავს, საქალაქო სამსახურების ნაწილის რეორგანიზაციისა ან გაერთიანების გზით.
ამ დროს, სამსახურის შექმნისა ან შეცვლისას ახალ თანამშრომლებს კონკურსის საფუძველზე შეარჩევენ.
რა ელის თბილისს
სანამ მერის თანამდებობაზე თავის საქმიანობას შეუდგებოდა, კალაძემ დაასახელა ის პრობლემები, რომლების გადაჭრას ის პირველ რიგში აპირებს.
კალაძის თქმით, მერია მიკროავტობუსების მუშაობის დარეგულირებას აპირებს და მათ უფრო კომფორტულს გახდის მგზავრებისთვის. გარდა ამისა, კალაძე მეტროპოლიტენისა და ავტობუსების პარკის განახლებას აპირებს. ზოგადად, მერობის ოთხი წლის განმავლობაში კალაძე ეცდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში გადაადგილების ძირითად საშუალებად აქციოს, რათა დედაქალაქი ავტომობილებისგან განიტვირთოს.
გარდა ამისა, თბილისის ახალარჩეული მერი კახა კალაძე დედაქალაქში მშენებლობის რეგულირების გამკაცრებასა და დედაქალაქის არქიტექტურული სამსახურის რეფორმირებას გეგმავს, რომელიც დედაქალაქში მშენებლობის ნებართვების გაცემით არის დაკავებული.
თბილისის მერი ასევე ქალაქის სისუფთავის დაცვას აპირებს. ყველა მიწისქვეშა გადასასვლელებში ვიდეოდაკვირვების კამერები დამონტაჟდება, მანამდე წესრიგს ქვეითი პატრული დაიცავს.
იკითხეთ ასევე: სამი წელი და სამი თვე: რისი გაკეთება მოასწრო თბილისის მერმა დავით ნარმანიამ >>
კალაძე პარკინგის პრობლემის გადაჭრასაც აპირებს. თბილისის ახალარჩეულმა მერმა უკვე განაცხადა, რომ კომპანია C.T. Park-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.