სამი წელი და სამი თვე: რისი გაკეთება მოასწრო თბილისის მერმა დავით ნარმანიამ

© Tbilisi City Hallდავით ნარმანია მეტროს ვაგონების განახლებისა და მოდერნიზების პროცესს დაესწრო
დავით ნარმანია მეტროს ვაგონების განახლებისა და მოდერნიზების პროცესს დაესწრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
7 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი საავტომობილო გზა, ახალი ესტაკადები და საბავშვო ბაღები - დავით ნარმანიამ საკუთარ წარმატებებზე ისაუბრა

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მოქმედმა მერმა დავით ნარმანიამ ქალაქის მთავრობის ბოლო სხდომა გამართა და მერის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში გაწეული მუშაობა შეაჯამა, ნათქვამია თბილისის მერიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ნარმანიას უფლებამოსილება ოფიციალურად 12 ნოემბერს სრულდება, რის შემდეგაც ახლადარჩეული მერი კახა კალაძე მერის მოვალეობების აღსრულებას შეუდგება.

დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
ნარმანია საქართველოდან წასვლას არ აპირებს

„დღეს თბილისის მთავრობის სხდომას მე ბოლოჯერ ვუძღვები და სანამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე გადავალთ, მინდა ძალიან მოკლედ, სტატისტიკური ინფორმაციის სახით მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩემი მერობის პერიოდში, სამი წლისა და სამი თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ", — განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისი სიტყვებით, 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ოქტომბრის პერიოდში გარემონტდა 7 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი საავტომობილო გზა. ამ პერიოდში აშენდა ორი სრულიად ახალი, კრწანისი-შინდისის და სამება-მახათას დამაკავშირებელი გზები.

საანგარიშო პერიოდში საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა და აღდგენა-რეკონსტრუქცია განხორციელდა 91 ობიექტზე. მათ შორის აღსანიშნავია პუშკინის ესტაკადის მშენებლობა, დიღმულასა და ბარათაშვილის ხიდების რეაბილიტაცია, აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი გზაგამტარის რეკონსტრუქცია, ავჭალის ხიდის მშენებლობა.

ნარმანიას სიტყვებით, ათწლეულების შემდეგ პირველად, გამოცდა ჩაუტარდა ქალაქის მასშტაბით არსებულ 16 ხიდს. საბჭოთა პერიოდის შემდეგ, ხიდების სრული საინჟინრო გამოკვლევა და მასშტაბური აღდგენა-გამაგრების სამუშაოები ამ დრომდე არასდროს განხორციელებულა, აღნიშნა მერმა.

გარდა ამისა, თბილისის 472 ავარიულ საცხოვრებელ სახლს გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა. ხოლო 13 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, სხვადასხვა სახის სამუშაოებზე, ჯამში 90 000 000 ლარი დაიხარჯა.

„2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, თბილისში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 12 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაგა-ბაღი. მიმდინარეობს 13 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ანუ, ჯამში, ჩვენ ქალაქს შევმატეთ 25 ახალი ბაღი", — განაცხადა ნარმანიამ.

ნარმანიამ ქალაქის მერის პოსტი 2014 წლის ივლისში, არჩევნების ორივე ტურში გამარჯვების შემდეგ ჩაიბარა. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელს ამ პერიოდის განმავლობაში "საკრებულოს" უმრავლესობის მხარდაჭერა ჰქონდა, რაც ოპოზიციის გაღიზიანებას იწვევა.

თბილისის მერი დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
დავით ნარმანია თბილისის მომავალ მერს წარმატებას უსურვებს

ნარმანიას მერობის პერიოდში ოპოზიცია საუბრობდა მერიაში არსებულ ნეპოტიზმზე, კორუფციაზე, პრემიებისთვის ბიუჯეტის სახსრების ფლანგვაზე, ქალაქში ქაოტურ მშენებლობებზე, დაურეგულირებელ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ა.შ.

ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთ პრობლემად ხეების მასობრივი ჭრის შედეგად ჰაერის დაბინძურებას ასახელებენ. ქალაქში ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთი საპროტესტო აქცია გამართულა.

ოპოზიციისთვის უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი საბაბი პროექტი „პანორამა თბილისია", რომელიც ერთბაშად ოთხი ბიზნეს-ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს. ოპოზიციის განცხადებით, ნარმანია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებას ასრულებს.

ყველა ახალი ამბავი
0