თბილისი 21 ოქტომბერი — Sputnik. არჩევანი გავაკეთე იქიდან გამომდინარე, თუ ვინ არის ამ ქალაქში საქმის გამკეთებელი, ვის აქვს მეტი გამოცდილება და საუკეთესო პროგრამა, რომ ყველა დაწყებული საქმე გააგრძელოს, განუცხადა ჟურნალისტებს თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მისაცემად მისულმა თბილისის მოქმედმა მერმა დავით ნარმანიამ.
საქართველოს მოქალაქეები დღეს ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს აირჩევენ. არჩევნებში 22 პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და დამოუკიდებელი კანდიდატები ღებულობენ.
„ეს იყო ძალიან საინტერესო პერიოდი, ძალიან დატვირთული პერიოდი, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმის კეთების პერიოდი და ასევე უამრავი გამოწვევებით სავსე პერიოდი. ჩემი მმართველობის დროს დაემთხვა, სამწუხაროდ, თბილისის სტიქია, რამაც ძალიან მნიშვნელოვანი ხალხი და რესურსი წაგვართვა. ამ პერიოდში ჩვენ, მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა და საბოტაჟისა, მოვახერხეთ ის, რომ ბევრი კარგი საქმე გაგვეკეთებინა, საგზაო ინფრასტრუქტურა მოგვეწესრიგებინა, 12 ახალი ბაღი აგვეშენებინა, 143 ახალი ავტობუსი შემოგვეყვანა, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი გაგვეკეთებინა და ძალიან ბევრი ისეთი საქმე გაგვეკეთებინა, რომელიც დღეს სახეზეა და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე მომავალში კიდევ უფრო მეტად და აქტიურად გამოჩნდება“, — განაცხადა ნარმანიამ.
მე არ მქონია არც ერთი დასვენების დღე, ღამე გვიანობამდე ვმუშაობდი და დილას ადრე ვიწყებდი საქმეს, რომ დრო არ დაგვეკარგა, თქვა დავით ნარმანიამ.
მისი თქმით, სამი წელი ისედაც მოკლე პერიოდი იყო იმ უამრავი დაპირების შესასრულებლად, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გასცა, მაგრამ დაპირებების აბსოლუტური უმრავლესობა შესრულებულია.
მან მომავალ მერს წარმატებები უსურვა და გვერდში დგომა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.