თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. პარტია „ევროპული საქართველო — დემოკრატიული მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნებში საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა.
საქართველოში 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს აირჩევენ.
„ხმა მივეცი იმ რწმენის დაბრუნებას, რომ ჩვენი ქალაქი ჩვენვე შეგვიძლია გავხადოთ მოხერხებული, სამართლიანი, ადამიანებზე ორიენტირებული და იმ ხედვას, რომელიც მგონია, რომ სწორედ ამას მოიტანს. ძალიან გულანთებული ვარ იმისთვის, რომ ეს მანდატი მივიღო და შევუდგე საქმის გაკეთებას", — განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ხოშტარიამ კენჭისყრაში მონაწილეობა ვაკეში, მე-12 საარჩევნო უბანზე მიიღო.