თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ყოფილმა მერმა, პარტია „ევროპული საქართველო — დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ თვითმმართველი ორგანოების არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
საქართველოში 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს ირჩევენ.
უგულავა საარჩევნო უბანზე მარტო მივიდა. როგორც მან აღნიშნა, დღეს არის შანსი და საშუალება ცვლილებების განხორციელებისთვის. მან მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
„მთავარი არის დღეს მოქალაქეების აქტიურობა. თუ იქნება აქტიურობა, ხელისუფლება დამარცხდება. შეუძლებელია ამ სტატუს-კვოს შენარჩუნება თბილისსა და რეგიონებში, ამიტომ მინდა ყველას მოვუწოდო აქტიურობისა და, რაც მთავარია, ცვლილებების, განვითარების, ევროპისკენ ნაბიჯის მხარდაჭერისკენ. თბილისში განსაკუთრებით აუცილებელია ეს ცვლილებები იმისთვის, რათა ის გაყინული მდგომარეობა, უკუსვლა და ის უპატრონობა, რაც თბილისსა და რეგიონებში სუფევს, დასრულდეს ამ არჩევნებით. ამის შესაძლებლობა არის, თუ მოქალაქეები იაქტიურებენ. იმედი მაქვს, ჩვენი მოქალაქეები იმ არჩევანს გააკეთებენ დღეს, რომ ერთ კარგ დიდ სილას გააწნავენ „ქართულ ოცნებას", — განაცხადა უგულავამ.
გიგი უგულავამ ხმა მთაწმინდაზე მდებარე №15 საარჩევნო უბანზე მისცა.