თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ახალარჩეულმა მერმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრა, ესაუბრა მგზავრებს და უამბო მათ, როგორ აპირებს დაგროვილი პრობლემების მოგვარებას, ნათქვამია მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დილაადრიან კალაძემ თავისი გუნდის წევრებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად მეტროთი იმგზავრა. არჩეული მერი მეტროპოლიტენის სადგურებზე არსებულ ვითარებას კიდევ ერთხელ გაეცნო და ჟურნალისტებს მეტროს მოდერნიზაციის პროექტების შესახებ უამბო.
„არის სამი ძირითადი მიმართულება, ეს არის მეტროსადგურების რეაბილიტაცია, არის ვაგონების რეაბილიტაციის აუცილებლობა, ან შეიძლება ვიფიქროთ ახალი თანამედროვე ევროპული ტიპის ვაგონების შემოყვანაზე, რომელსაც ექნება 50 წლიანი გარანტია და მესამე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი – ეს არის კომუნიკაციები, ელექტროგაყვანილობა, საჰაეროები, სახანძრო, წყალსაქაჩები და ა.შ.“, — განაცხადა კალაძემ.
მომავალმა მერმა მთელი საზოგადეობრივი ტრანსპორტისთვის ახალი ერთიანი დიზაინის შემუშავების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
უახლოეს დღეებში სარემონტო სამუშაოების სწრაფად დასრულების მიზნით მეტროსადგურ „გურამიშვილის“ ორი დღით დაკეტვა იგეგმება.
თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე დიდ დიღომში მდებარე მეორე ავტობაზაში იმყოფებოდა, სადაც ავტოპარკი დაათვალიერა და ადგილზე დასაქმებულ თანამშრომლებს შეხვდა. დედაქალაქის არჩეულმა მერმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების აუცილებლობასა და ამ მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
„დავათვალიერეთ არსებული ავტობაზა. ზოგადად, ტრანსპორტის განახლება ჩვენი ერთ-ერთ პრიორიტეტი იქნება. საზოგადებრივი ტრანსპორტი არა მხოლოდ კომფორტული, არამედ პოპულარულიც უნდა გავხადოთ. მომდევნო წლების განმავლობაში, არსებული ყვითელი ავტობუსების პარკის ევროპული, თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით ჩანაცვლებას ვაპირებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, — განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძე მიესალმა ევროპული სტანდარტების 143 ახალი ავტობუსის შემოყვანას, თუმცა ეს მოსახლეობისთვის საკმარისი არ არის, განაცხადა მან.
„შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში მოგვიწევს მუშაობა, რომ ძველი, ყვითელი ავტობუსების პარკი ჩანაცვლდეს“, — აღნიშნა კალაძემ.
ახალარცეულმა მერმა მანამდე, აღმაშენებლის გამზირზე გაისეირნა, სადაც მოქალაქეებს გაესაუბრა. დიდ დიღომში მდებარე ავტობაზამდე კი, კახა კალაძემ ავტობუსით იმგზავრა და მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია მიაწოდა.
უკრაინული „ბოგდანის“ მარკის ავტობუსები საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახით უკვე 10 წელზე მეტ ხანს გამოიყენება.
მიმდინარე წლის იანვრიდან თბილისში ახალი ლურჯი ეკოლოგიურად სუფთა, შშმ პირთათვის სრულიად ადაპტირებული, ევროპული სტანდარტების ავტობუსები გამოჩნდა. მერიაში განაცხადეს, რომ 2018 წლის თებერვლამდე 143 ახალი ავტობუსი იქნება.
თბილისში სულ 750 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობს. ყველაზე გრძელი მარშრუტი 30,4 კმ, ხოლო ყველაზე მოკლე 4,6 კმ შეადგენს. ერთ დღეში ავტობუსები სულ 109 500 კილომეტრს ფარავს და 1800-ზე მეტ გაჩერებაზე ჩერდება.
რაც შეეხება მეტროს, ბოლო წელს გარემონტდა სამი მეტროსადგური — „ახმეტელის თეატრი“, „ავლაბარი“ და „ვარკეთილი“.
16 ოქტომბერს გაიხსნა ახალი, რიგით 23-ე მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“.
თბილისის მეტროპოლიტენი ყოველდღიურად 290 000-მდე მგზავრს ემსახურება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში მგზავრთა რაოდენობით მეტრო სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების შემდეგ მესამე ადგილს იკავებს.