თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თავისი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ მემუარების გამოცემას აპირებს.
თბილისის მერის არჩევნებში „მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, თბილისის ყველა, 737 საარჩევნო უბნის ხმის დათვლის შემდეგ მან ხმათა 51,09% დააგროვა. არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილი 1 ნოემბრამდე გახდება.
„ჩემი განვლილი ცხოვრება მართლა ძალიან საინტერესოა. სამტრედიის რაიონში დავიბადე, ერთ-ერთ სოფელში. როცა ფეხბურთის თამაში დავიწყე, მითხრეს, რომ ჩემგან ფეხბურთელი არ გამოვიდოდა და აჯობებდა, თუ სხვა მიმართულებით წავიდოდი. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული, დამთრგუნველი იყო. მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, გავაგრძელე შრომა და ამ მიმართულებით იყო ძალიან ბევრი წარმატება", — განაცხადა კალაძემ ტელეარხ PalitraNews-ის ეთერში.
მან აღნიშნა, რომ დიდი დრო დასჭირდება იმის მოსაყოლად, თუ რა ბარიერების გადალახვა მოუწია.
„რამდენიმე წლის მერე მინდა წიგნი გამოვცე ჩემ ცხოვრებასთან, კარიერასთან დაკავშირებით, თუ რა იყო, როგორ იყო, რა გამოვიარე. მინდა ეს საზოგადოებას გავუზიარო. ძალიან ბევრი ახალგაზრდა მიყურებს ზოგადად და მინდა მათ მივმართო და ვუთხრა, რომ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია შრომა. არის მომენტები, როცა გიჭირს რაღაცების გადალახვა და ხშირია შემთხვევები, როცა ნებდებიან. არ უნდა დანებდე. ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ეს სირთულეები გადალახო. როცა ერთ სირთულეს გადალახავ, უფრო ძლიერი ხდები და შემდეგ დანარჩენი სირთულეების გადალახვა უფრო გიადვილდება", — განაცხადა კალაძემ.
კალაძე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. დეკლარაციის თანახმად, მის ანგარიშზე 9,6 მილიონ დოლარზე მეტია.
კალაძე 1978 წლის 27 თებერვალს ქალაქ სამტრედიაში დაიბადა. ფეხბურთით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული. 11 წლისამ თამაში მშობლიურ ქალაქში, „ლოკომოტივის" ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო.
16 წლის კალაძე თბილისის „დინამოში" გადავიდა. მის დროს გუნდმა 1993-1998 წლებში საქართველოს ჩემპიონატი ხუთჯერ მოიგო.
2001 წელს კალაძე იტალიაში „მილანის" ფეხბურთელი ხდება. ამით ის ყველაზე ძვირ ქართველ ფეხბურთელად იქცა, რადგან „მილანმა" მისი ტრანსფერისთვის კიევის „დინამოს" 16 მილიონი ევრო გადაუხადა. „მილანის" შემადგენლობაში კალაძე პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ამ გუნდში თამაშის პერიოდში თბილისის მერობის კანდიდატი „არმანისა“ და „ფერარის" სახე გახდა.
საფეხბურთო კარიერის პარალელურად კალაძემ ბიზნესს მიჰყო ხელი. 2007 წელს მან დააარსა საინვესტიციო ჯგუფი "კალა კაპიტალი", ხოლო 2008 წელს ქართული "პროგრეს ბანკის" სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა. იმავე წელს გაჩნდა მისი საქველმოქმედო ფონდი „კალა ფონდი".
2010 წელს კალაძე „მილანიდან" მეორე იტალიურ კლუბ „ჯენოაში" გადავიდა, სადაც კარიერის დასრულებამდე — 2012 წლამდე ითამაშა.
2011 წელს კალაძე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთო. ის გახდა პარტია „ქართული ოცნების" წევრი, რომლის დამაარსებელია მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი. 2012 წელს მან მოიგო არჩევნები სამტრედიის ერთმანდატიან ოლქში და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა. იმავე წელს დაიკავა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის პოსტი.
თბილისის მერობის კანდიდატი დაქორწინებულია ყოფილ მოდელზე, დიზაინერ ანუკი არეშიძეზე. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს.