თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. არჩევნების მეორე ტური ტარდება ქუთაისში და მარტვილის, ბორჯომის, ოზურგეთის, ხაშურისა და ყაზბეგის რაიონებში — მოქალაქეებს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევთ.
დილის 08:00 საათზე გაიხსნა 317 საარჩევნო უბანი, მათ შორის ერთი გამონაკლისის სახით ქუთაისში. კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება 328,2 ათას ამომრჩეველს შეუძლია.
აკრედიტაცია მედიის 4 700-მა წარმომადგენელმა მიიღო.
07:00 საათიდან 24:00 საათამდე იმუშავებს „ცხელი ხაზი“ (251 00 51) და ონლაინ-ჩათი.
ცესკო დღის განმავლობაში რეგულარულად წარადგენს მონაცემებს კენჭისყრის პროცესის შესახებ. ბრიფინგები 08:30 საათიდან ყოვლე ნახევარ საათში გაიმართება.
ქუთაისში მეორე ტურში გავიდნენ გიორგი ჭიღვარია („ქართული ოცნება“) და გრიგოლ ვაშაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“).
რაც შეეხება რაიონებს, მარტვილში მერის პოსტზე იბრძვიან ალექსანდრე გრიგალავა („ქართული ოცნება“) და მამუკა დანელია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ოზურგეთში — ბეგლარ სიორიძე („ქართული ოცნება“) და დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე, ხაშურში — გიორგი გურასპაშვილი („ქართული ოცნება“) და რამაზ ნოზაძე (დამოუკიდებელი კანდიდატი), ბორჯომში — ლევან ლიპარტელიანი („ქართული ოცნება“) და ზაზა ჩაჩანიძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პარტიოტთა ალიანსი“), ყაზბეგში — ალექსანდრე ზაგაშვილი („ქართული ოცნება“) და სანდრო კამარაული („ლორთქიფანიძე, კუკავა — დემოკრატიული მოძრაობა — თავისუფალი საქართველო“).
არჩევნებს ცესკოს მიერ დარეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების 2100-ზე მეტი წარმომადგენელი დააკვირდება. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან დაკვირვების უფლება 18 100-ზე მეტ ადამიანს გააჩნია, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებიდან — 654-ს.
საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება და ხმების დათვლა დაიწყება. შემაჯამებელი ოქმები გამოქვეყნდება ცესკოს ვებგვერდზე results.cec.gov.ge.
არჩევნების დღეს აგიტაცია აკრძალულია მხოლოდ იმ შენობებში, სადაც საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს.
ამასთან, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის ტელევიზიასა და რადიოში განთავსება, ასევე 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.
არჩევნების პირველი ტური საქართველოში 21 ოქტომბერს შედგა. საქართველოს მოქალაქეები 64 ქალაქისა და რაიონის მერებს ირჩევდნენ. ძირითადად, გამარჯვება მმართველმა პარტიამ მოიპოვა.