თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ექვსიდან ხუთ საარჩევნო ოლქში მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატები ლიდერობენ, აღნიშნულია ცესკოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
არჩევნების მეორე ტური გაიმართა ქუთაისში და ხუთ რაიონში — მარტვილი, ხაშური, ყაზბეგი, ოზურგეთი, ბორჯომი, რადგან პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.
„როგორც კენჭისყრის, ისე ხმის დათვლის პროცედურებმა ჩაიარა ყველასთვის ხელმისაწვდომ, მშვიდ გარემოში, კანონმდებლობის შესაბამისად. დამკვირვებლებსა და საარჩევნო სუბიექტების უფლებამოსილ წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად დაკვირვებოდნენ ხმის დათვლის პროცედურებს", — განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე.
რაც შეეხება წინასწარ შედეგებს, 317 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 270 უბნის შედეგი. შემაჯამებელი ოქმები შემოსვლისთანავე დაუყოვნებლივ აიტვირთა ცესკოს შედეგების ვებ-გვერდზე. ოქმების შემოსვლა დაიწყო საკმაოდ ადრე — 21:00 საათიდან. იქიდან გამომდინარე, რომ იყო ერთი ბიულეტენი და მასში მხოლოდ ორი კანდიდატი, ხმის დათვლის პროცესი სწრაფად წარიმართა, განაცხადა ჟვანიამ.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები — გრიგოლ ვაშაძე და მამუკა დანელია ბიულეტენებში წარმოდგენილი იყვნენ, მათ უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე და თავიანთი ამომრჩევლები ამის შესახებ გააფრთხილეს.
ქუთაისის საარჩევნო ოლქი
№5 — გრიგოლ ვაშაძე (საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა") — 13,36%
№41 — გიორგი ჭიღვარია („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო") — 86,64%
ყაზბეგის საარჩევნო ოლქი
№3 — სანდრო ყამარაული (საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა — დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო") — 31,35%
№41 — ალექსანდრე ზაგაშვილი („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო") — 68,65%
ხაშურის საარჩევნო ოლქი
№41 — გიორგი გურასპაშვილი („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო") — 61,31%
№42 — რამაზ ნოზაძე (საინიციატივო ჯგუფი) — 38,69%
ბორჯომის საარჩევნო ოლქი
№8 — ზაზა ჩაჩანიძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი") — 45,58%
№41 — ლევან ლიპარტია („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო") — 54,42%
ოზურგეთის საარჩევნო ოლქი
№41 — ბეგლარ სიორიძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო") — 48,85%
№4 — კონსტანტინე შარაშენიძე (საინიციატივო ჯგუფი) — 51,15%
მარტვილის საარჩევნო ოლქი
№5 — მამუკა დანელია (საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა") — 6,96%
№41 — ალექსანდრე გრიგალავა („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო") — 93,04%
თამარ ჟვანიას განცხადებით, ძირითადად დაფიქსირდა საჩივრები მცირე პროცედურული ხარვეზების შესახებ და მათი ნაწილი უბნებზევე აღმოიფხვრა. საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროისათვის 29 საჩივარია შესული, აქედან ყველაზე მეტი — 12 დაფიქსირდა ბორჯომში, ოზურგეთში — 11, ქუთაისში — 4, ხაშურსა და მარტვილში თითო-თითო, ხოლო ყაზბეგის საარჩევნო ოლქში საჩივარი არ შესულა.
ჟვანიას განცხადებით, წინასწარი შედეგები ონლაინ-რეჟიმში განახლდება და ყველა ოქმი ეტაპობრივად აიტვირთება ვებ-გვერდზე. საბოლოო წინასწარი შედეგები კი 13 ნოემბერს გახდება ცნობილი.