თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ადგილობრივი ხელისუფლების თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ, ცესკოში მორიგი ბრიფინგი ჩატარდა.
ცესკოს 20:00 საათის მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 6 მუნიციპალიტეტში ჩატარდა, მონაწილეობა 109 119 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 33.24%-ია.
ამომრჩეველთა აქტივობა საარჩევნო ოლქების მიხედვით:
ხაშური — 34.66% (16973 ამომრჩეველი); ბორჯომი — 52.89% (14030 ამომრჩეველი); ქუთაისი — 17.98% (27427 ამომრჩეველი); ოზურგეთი — 56.7% (35309 ამომრჩეველი); მარტვილი — 38.49% (12567 ამომრჩეველი); ყაზბეგი — 52,95% (2813 ამომრჩეველი).
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში, კენჭისყრაში ამომრჩეველთა 45,65%-მა მიიღო მონაწილეობა. რაოდენობრივად ეს შეადგენს 1 569 992 მოქალაქეს. თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა 43.4% იყო.
ცესკოს მონაცემებით, საოლქო კომისიებში სულ 25 საჩივარი შევიდა, რომელიც მცირე საპროცედური ხარვეზს წარმოადგენდა. ყველაზე მეტი საჩივარი ბორჯომში დაიწერა —11, ოზურგეთში — 10, ქუთაისში — 2, თითო-თითო საჩივარი დაიწერა ხაშურსა და მარტვილში. ყაზბეგში საჩივარი არ დაწერილა.
ცესკოს მონაცემებით, არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, მთელი დღის განმავლობაში ამომრჩეველს საკუთარი ნების გამოხატვა შეუფერხებლად შეეძლო.
დაწყებულია ხმების დათვლის პროცედურა. შემაჯამებელ ოქმებს ცესკო ეტაპობრივად ატვირთავს კომისიის სპეციალურ ვებგვერდზე www.results.cec.gov.ge.