თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ერთადერთი და ყველაზე ეფექტური საშუალებაა მათი ფიზიკური განადგურება, განაცხადა გარემოს დაცვის ექს-მინისტრმა, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ.
მანამდე საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ მავნებლის წინააღმდეგ ბიოლოგიური მტრის შემოყვანის შესაძლებლობას განიხილავს. ეს უნდა იყოს კალია ან კრაზანა. ჩხობაძის თქმით, ეს საკმაოდ სარისკო ნაბიჯია, რომელიც კარგად უნდა იყოს ნაფიქრი, რადგან საუბარია ადამიანების ჯანმრთელობაზე.
„ერთადერთი გამოსავალი, რაც კეთდებოდა აშშ-ში და რითაც ებრძვიან ახლა ფაროსანას კანადაში, არის ფიზიკური განადგურება. ფაქტობრივად, შეგროვება, გამოტანა და დაწვა. ამ ეტაპზე ეს ერთადერთი გამოსავალია“, — აღნიშნა ექსპერტმა პრესკონფერენციაზე.
ექსპერტმა მწერებთან და მავნებლებთან ბრძოლის წარსული მაგალითები გაიხსენა. ბორჯომში გავრცელებულ ქერქიჭამიასთან საბრძოლველად შემოიყვანეს ციმბირული კოდალა. მაგარმ საკმაოდ უცნაური შედეგი მიიღეს — ციმბირული კოდალა გადაერთო სხვა მწერებზე, ქერქიჭამია როგორც იყო, ისე დარჩა. ის ახლაც მშვენივრად ბინადრობს იმ ტერიტორიაზე.
ჩხობაძემ შეშფოტება გამოხატა და აზიური ფაროსანას პრობლემას ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და სახიფათო უწოდა. მისი თქმით, მავნებლის პოპულაციის აფეთქება კლიმატური ცვლილებების ფონზე მოხდა.
დასავლეთ საქართველოს მოსახლეობამ ჩხობაძეს უამბო, რომ რეგიონში ფრინველები გაქრა. ექსპერტმა აღნიშნული საკითხის შესწავლის მიზნით ორნიტოლოგებს მიმართა. ფრინველთა მასობრივი მიგრაციის ზუსტი მიზეზის დასახელება მას არ შეუძლია. ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული ტერიტორიების ქიმიკატებით დამუშავებასთან, გვალვის დროს საკვების ნაკლებობით ან სხვა უცნობი მიზეზებით.
„მოსახლეობა მეუბენბა, რომ იმ ქათმის ხორცი, რომელსაც აზიური ფაროსანა აქვს ნაჭამი, არ იჭმევა, რადგან საშინელი სუნი აქვს“, — განაცხადა ჩხობაძემ და აღნიშნა, რომ აზიურ ფაროსანას ჭამენ შინაური ფრინველები, ხოლო ყველაზე კარგად მას ბატები და იხვები ინელებენ.
ჩხობაძემ აღნიშნა, რომ თუ რადიკალური ზომები არ იქნება მიღებული, მომავალ წელს საფრთხე დაემუქრება აღმოსავლეთ საქართველოს, სადაც ითესება ხორბალი, რომელიც აზიური ფაროსანას ბუნებრივ საკვებს წარმოადგენს.
„ეს დიდი საშიშროებაა ჩვენი ეკონომიკისათვის, სერიოზული დარტყმა იქნება სოფლის მეურნეობისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, ის ვენახსაც მიადგა და დააზიანა. მე მეუბნებიან, როცა მოსახლეობას ვხდები, რომ თუ შეერია ყურძენში ფაროსანა, ის ღვინო აღარ ვარგა, ანუ სხვა გემოს აძლევს“, — განაცხადა ჩხობაძემ.
აზიურმა ფაროსანამ საქართველოსთვის სერიოზული გამოწვევა გახდა. ზაფხულში ფაროსანამ დასავლეთ საქართველოში მოსავალს სერიოზული ზიანი მიაყენა და საცხოვრებელი სახლები გაავსო. ოქტომბერში ფაროსანა თბილისშიც გამოჩნდა.