პარლამენტი უბრუნდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტის განხილვას, რომელიც სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების წესების გამკაცრებას და კონტროლის სპეციალური მექანიზმის დანერგვას გულისხმობს.
კანონპროექტი „შრომის უსაფრთხოების შესახებ" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა და პარლამენტში 2017 წლის ივნისში შეიტანა. ზაფხულში პარლამენტმა ის პირველი მოსმენით მიიღო, მაგრამ უამრავი შენიშვნის შემდეგ ზოგიერთი ცვლილების შეტანა გადაწყვიტა.
„კანონპროექტი პირველ რიგში ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაწესებას, ასევე კონტროლის სისტემის შექმნას, რომელიც კანონპროექტის მიღების შედეგად უნდა ჩამოყალიბდეს, რათა თითეული ადამიანი სამუშაო ადგილზე თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს", — განაცხადა მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
სხვა ყველაფერთან ერთად, კანონპროექტი საქმიანობის კონკრეტული სფეროებისათვის უსაფრხოების ნორმების შემუშავებას გულისხმობს.
„ამ კანონიდან გამომდინარე, დამტკიცდება რეგლამენტები, რომლებიც გარკვეულ სფეროებში უსაფრთხოების სტანდარტების შექმნას გულისხმობს. ამის შემდეგ ინსპექტორებს მონიტორინგის შეუფერხებელი განხორციელების შესაძლებლობა ბიზნეს-კომპანიის ნებართვის გარეშეც ექნებათ", — განაცხადა ცქიტიშვილმა.
ახალი კანონის მიღება წლის ბოლომდე იგეგმება, აღნიშნა მან.
კანონპროექტის მიზნები და შინაარსი
კანონზე მუშაობა დაიწყო მას შემდეგ, რაც მაისში ტყიბულის მაღაროზე ოთხი მეშახტე დაიღუპა. საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შრომის პირობების კონტროლის გამკაცრებას მოითხოვდნენ, განსაკუთრებით მავნე საწარმოებში.
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მონაცემებით, 2007-2016 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით საწარმოო ტრავმების შედეგად დაიღუპა 416 ადამიანი, ხოლო 716-მა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.
მხოლოდ 2016 წელს დაიღუპა 58 ადამიანი და დაშავდა 84. რაც შეეხება მიმდინარე წელს, წლის დასაწყისიდან დაიღუპა 8 და დაშავდა 10 ადამიანი.
კანონპროექტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული იქნება დაიცვას შრომის უსაფრთხოების ნორმები და იზრუნოს საწარმოში დასაქმებული და იქ მყოფი ყველა პირის უსაფრთხოებაზე.
დასაქმებულები ვალდებულები იქნებიან დაიცვან უსაფრთხოების ინსტრუქციები, მაგრამ ამასვე დროს ექნებათ უფლება უარი თქვან ისეთი სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც მათ სიცოცხლესა ან ჯანმრთელობას აშკარა საფრთხეს უქმნის. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მათ ასევე სხვა უფრო უსაფრთხო სამუშაოზე გადასვლა შეიძლება მოითხოვონ.
კანონპროექტი საწარმოში ახალი თანამდებობის — შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანერგვას ითვალისწინებს.
კანონის შესრულების კონტროლს ზედამხედველობის სპეციალური სამსახური განახორცილებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით შექმნის.
ამ სამსახურის ინსპექტორები ჩაატარებენ შემოწმებებს და დარღვევების შემთხვევაში მათ საწარმოების დაჯარიმებისა და მათი საქმიანობის შეჩერების უფლება იქმებათ.
შენიშვნები და წინადადებები
„საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების" თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება პირველ რიგში კანონის შესრულება იმათ უნდა მოსთხოვოს, ვისთვისაც ის დაიწერა.
„ჩვენ გვაქვს შრომითი კოდექსი", რომელიც უკეთესია, ვიდრე 2013 წლამდე გვქონდა, მაგრამ ნორმების უმეტესობა არ სრულდება, ამიტომ მნიშვნელოვანია არა ის, როგორ დოკუმენტს მივიღებთ, არამედ ის, როგორ აისახება საზოგადოებაზე ის სიკეთეები, რომლებიც კანონპროექტშია გაწერილი", — განაცხადა პეტრიაშვილმა.
მან გაზგასმით აღნიშნა, რომ კანონმდებლებზე ბიზნეს-სექტორის მხრიდან ზეწოლის საფრთხე არსებობს, რაც მომავალში კანონპრექტის მის სასარგებლოდ ცვლილებას გამოიწვევს.
„25 ათასი ინსპექტორიც რომ გვყავდეს, სანამ საზოგადოება და მუშების მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება, გვექნება ისევ ის ჯოჯოხეთი, რომელიც ახლა გვაქვს", — აღნიშნა პეტრიაშვილმა.
პრეტენზიები გააჩნია ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას", რომელიც ბიზნესის ინტერესებს წარმოადგენს.
„კანონის მოქმედების არეალი პირველ რიგში უნდა ვრცელდებოდეს მომატებული საფრთხის მქონე სამუშაოზე, და ეს ის ადექვატურობა იქნება, რომელიც დღეისათვის არსებულ სიტუაციას რადიკალურად შეცვლის. აგრეთვე პრობლემას წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ბიზნესის საქმიანობის აკრძალვის შემოღება და შრომის ინსპექტორის თანამდებობის ამოქმედება, რამაც შეიძლება ის რისკები გამოიწვიოს, რომ გაძლიერდება ის მანკიერი ქმედებები, რომლებიც საქართველოს ისტორიამ უკვე მიივიწყა. მესამე პრობლემას შრომის ინსპექტორების მონიტორინგის არარსებობა წარმოადგენს", — განაცხადა ასოციაციის თავმჯდომარემ მიხეილ კორძაიამ.
შენიშვნები სახალხო დამცველსაც გააჩნია.
„წარმოდგენილი კანონპროექტი სრულფასოვანი არ არის. მშრომელთა უფლებების სრული დაცვისათვის შრომის უსაფრთოების მხოლოდ ერთი კომპონენტი საკმარისი არ არის. უნდა დაიწყოს მშრომელთა უფლებების დაცვის კონტროლის მექანიზმის შექმნის განხილვა. თუმცა ეს კანონპროექტი წინგადადგმული ნაბიჯია", — განაცხადა ომბუდსმენის მოადგილემ ნათია კაციტაძემ.
მისი თქმით, უჩა ნანუაშვილმა კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები უკვე წარადგინა, ძირითად შენიშვნას სანქციების შეთავაზებული მექანიზმის გადახედვა წარმოადგენს. ნანუაშვილმა გეგმიურ შემოწმებებთან ერთად, დაუგეგმავი, გაფრთხილების გარეშე შემოწმებების შემოღება შესთავაზა.