თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა შრომის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საინფორმაციო კამპანია დაიწყო.
კამპანიის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ჩაატარებენ სემინარებს ჟურნალისტებისთვის, მოამზადებენ საინფორმაციო მასალებს, გამართავენ შეხვედრებს სხვადასხვა ორგანიზაციების თანამშრომლებთან.
სახალხო დამცველის პრეს-სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამჟამად საქართველოში არ არსებობს ეფექტური ზედამხედველობის ორგანო, რომელიც სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების პირობებს გააკონტროლებს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტს მონიტორინგის უფლება აქვს მხოლოდ დასაქმებულთა თანხმობის შემთხვევაში და არც მის მიერ გაცემული რეკომენდაციაა შესასრულებლად სავალდებულო.
შეზღუდული უფლებამოსილება აქვთ ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს.
„შედეგად, სამუშაო ადგილებზე მომხდარ ფატალურ შემთხვევებზე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების უნივერსალური საშუალება მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და შესაბამისი გამოძიებაა“, — აღნიშნულია განცხადებაში.
თუმცა, სახალხო დამცველის მიერ გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ხშირ შემთხვევაში გამოძიება ჭიანურდება და რეალური შედეგებისკენ არ არის მიმართული, რაც წარმოებაში მომხდარ უბედურ შემთხვევებზე საგამოძიებო უწყების არაეფექტურ რეაგირებას მიუთითებს.
კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის შესაბამისად, 2017 წელს დაწყებული გამოძიების 46 შემთხვევიდან სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 4 საქმე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 7 შემთხვევაში, გამოძიება შეწყდა 11 შემთხვევაში, ხოლო 31 საქმეზე გამოძიება დღემდე მიმდინარეობს.
„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კვლავ უპირობო აუცილებლობად რჩება – დროულად შეიქმნას შრომის პირობების ინსპექტირების განმახორციელებელი ეფექტური მექანიზმი, რომელსაც ექნება დამსაქმებელთა დაუბრკოლებლად შემოწმების, შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილებების მიღებისა და შესაბამისი სანქციების გამოყენების შესაძლებლობა“, — აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან ერთად სახალხო დამცველი მიესალმება პარლამენტის მიერ ახალი კანონპროექტის „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ განხილვის დაწყებას, რომელიც სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების სავალდებულო წესების შემოღებას ითვალისწინებს. კანონპროექტი უკვე მიიღეს პირველი მოსმენით.
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მონაცემებით, 2007-2016 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით საწარმოო ტრავმების შედეგად დაიღუპა 416 ადამიანი, ხოლო 716-მა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.
მხოლოდ 2016 წელს დაიღუპა 58 ადამიანი და დაშავდა 84. რაც შეეხება მიმდინარე წელს, წლის დასაწყისიდან დაიღუპა 8 და დაშავდა 10 ადამიანი.