საპენსიო სისტემის რეფორმა: დავაგროვოთ და მოგვეცემა?!

© photo: Sputnik / Sergey Venyavskiy / გადასვლა მედიაბანკშიПожилые люди покупают продукты на рынке
Пожилые люди покупают продукты на рынке - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპენსიო სისტემის რეფორმის კანონპროექტი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მალე წარედგინება. „დაგროვებითი პენსიის" საბოლოო დეტალები პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ გაირკვევა. მანამდე კი უბრალოდ მოგვიწევს დაცდა და შეგუება იმ „საამაყო“ რეალობასთან, რომ პენსიის ოდენობით რეგიონში „საპატიო“ მეხუთე ადგილი გვიკავია...

დარწმუნებული ვარ, უფროსი თაობის მკითხველს უკვე ეცოდინება, რომ მომავალი წლის მეორე ნახევრიდან ქვეყანაში ე.წ. დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. ეს ერთი სტატია მოახლოებული რეფორმის ყველა ასპექტის განხილვას ვერ დაიტევს. საკითხი აქტუალურია და მას კიდევ მრავალგზის დავუბრუნდებით. ამჯერად გავარკვიოთ, რას გულისხმობს საპენსიო რეფორმა, რა პრინციპს ეფუძნება ის და რას ფიქრობენ სპეციალისტები…

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტს წარადგენს - Sputnik საქართველო
ვინ იცხოვრებს კარგად საქართველოში: გადამუშავებული ბიუჯეტი-2018

გავრცელებული ინფორმაციით, დამსაქმებელი, დასაქმებული და სახელმწიფო საპენსიო ფონდში ერთდროულად განახორციელებენ თანაბარ შენატანებს. უფრო კონკრეტულად კი დასაქმებული საპენსიო ფონდში ყოველთვიურად შეიტანს თანხას ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით. დამსაქმებელი და სახელმწიფო ვალდებული ხდებიან დასაქმებულს საპენსიო ანგარიშზე ასევე 2-2 პროცენტი გადაურიცხონ. ანუ, მთლიანი შენატანი 6 პროცენტი იქნება. გეტყვით, რომ ეს სისტემა 40 წლის ასაკამდე დასაქმებულთათვის სავალდებულო იქნება, ხოლო მათ, ვინც მეხუთე ათეულში შეაბიჯეს, არჩევანის უფლება ეძლევათ. პარალელურად იმოქმედებს ე.წ. საბაზისო პენსიაც, რომელიც 180 ლარია და, როგორც ქვეყნის მთავარმა ფინანსისტმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან განაცხადა, 2019-2020 წლებში თანაბრად 20-20 ლარით მოიმატებს. ვიცი, რომ ეს განმარტება საკმარისი არ არის და ბევრი საკითხი დაკონკრეტებას საჭიროებს – როგორ და სად განკარგავს საპენსიო ფონდი მასში აკუმულირებულ თანხას; ვინ იქნებიან საპენსიო ფონდის წევრები და როგორი იქნება მათი კომპეტენცია და პროფესიონალიზმი; რა რისკებს შეიცავს მხარეთა ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები და რა გარანტიები არსებობს, რომ მოქალაქე არ დაკარგავს და მართლაც მიიღებს წლების მანძილზე დაგროვილ თანხას… მოგეხსენებათ, ჩვენში „ყველაფერი მოსულა“ და სახელმწიფოს მხრიდან „გადაგდებაც“ არ არის უცხო. ამ და სხვა კითხვების მიუხედავად ყველა თანხმდება, რომ საპენსიო რეფორმის გატარება აუცილებელია. საინტერესოა, როგორ აფასებენ საპენსიო სისტემის რეფორმას სპეციალისტები? მათი უმრავლესობა აღნიშნული საკითხის სირთულეზე მიანიშნებს…

მამაკაცები ერთმანეთს ელაპარაკებიან გუდიაშვილის ქუჩაზე - Sputnik საქართველო
საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა შეიქმნება

ეკონომისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი: „ვფიქრობ, საპენსიო რეფორმისთვის მზად არ ვართ, ვინაიდან მოსახლეობის საკმაოდ დიდი პროცენტი უმუშევარია… თანხები საპენსიო ფონდმა უნდა მართოს, როგორც ეს უცხოეთის ქვეყნებში ხდება. იქ მათ დაბანდებების დივერსიფიცირების და, შესაბამისად, კვალიფიციურად მართვის საშუალება აქვთ, ჩვენთან კი ამის საშუალება არ არის. საპენსიო ფონდი ვერსად დააბანდებს თანხებს გარდა დაბალი შემოსავლების მქონე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისა და კომერციული ბანკებისა…“

ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია: „ბიუჯეტს აუცილებლად უნდა მოეხსნას საპენსიო წნეხი და კარგია, რომ საპენსიო ფონდი იქნება, მაგრამ თავად მისი სტრუქტურა, სადაც ბიზნესი, დასაქმებული და ხელისუფლება ორ-ორი პროცენტით მონაწილეობენ, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რაიმე წონიან შედეგს მივაღწიოთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში საშუალო ხელფასი 1000 ლარია, ადამიანი თვეში დაახლოებით 60 ლარის დაზოგვას მოახერხებს, წლიური დანაზოგი კი გამოვა სულ 720 ლარი. ცხადია, რომ მცირე დანაზოგი გროვდება. როდესაც ადამიანი პენსიაზე გავა, ეს თანხა მსყიდველობითი უნარით იმ პენსიაზე მაღალი არ იქნება, რაც დღეს არის — 180 ლარი. უბრალოდ, მოსახლეობას შეიძლება ეგონოს, რომ ის ღირსეულ პენსიაზე გავა, თუ დაიწყებს ამ საპენსიო ფონდში თანხების აკუმულირებას. ვფიქრობ, მექანიზმებია დასახვეწი. ან პროცენტია გასაზრდელი, ან დამატებითი მოთამაშეა შემოსაყვანი, რომელიც უზრუნველყოფს ფულის მნიშვნელოვანწილად გაზრდას…“

Флешмоб мыльных пузырей - Sputnik საქართველო
ხუთი წლით ადრე თუ გვიან? ანუ „წყალობის“ მოლოდინში...

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე: „საპენსიო რეფორმას სრული კრახი ელოდება. როდესაც ქვეყანაში ინსტიტუტებისადმი ნდობა არ არსებობს, მოსახლეობას ვერ აიძულებ ენდოს ფონდს, სადაც მათი დანაზოგები განთავსდება. არავინ იცის რა მოხდება წლების შემდეგ, როცა დასაქმებული საპენსიო ასაკს მიაღწევს, როგორ შეძლებს ის და შეძლებს თუ არა საერთოდ თანხის დაბრუნებას. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ რეფორმა არ გაამართლებს…“

ეკონომისტი სოსო არჩვაძე: „ეკონომიკურ ფაქტორთან ერთად აუცილებლად დავამატებდი მენტალურ ფაქტორს. რამდენად არის ჩვენი საზოგადოება მზად იმისთვის, რომ იზრუნოს საკუთარ მომავალზე და ისე დაგეგმოს თავისი შემოსავლების და ხარჯების ტრაექტორია, რომ საპენსიო ასაკის დროს მიიღოს საკმარისი სახსრები? სპეციალურ საპენსიო ფონდებში აკუმულირებული თანხების მომგებიანობა უნდა იყოს არანაკლები იმ მაჩვენებლებისა, რომელსაც მიაღწევს ინფლაცია კონკრეტულ პერიოდში. რამდენად მოხერხდება ეს, ამას დრო გვიჩვენებს. იმაში, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ გააჩნდა დაზოგვის კულტურა და ეკონომიკურ პროცესებზე ზედაპირული წარმოდგენა ჰქონდა, სათაკილო არაფერია. დღეს სახელმწიფოს ერთ-ერთი ამოცანა არის არა მხოლოდ დაიცვას მოსახლეობა, არამედ მასში შეიტანოს ეკონომიკური განათლების კულტურაც…“

თბილისი - Sputnik საქართველო
საპენსიო სისტემის რეფორმა - მითი თუ რეალობა?!..

ეკონომისტი მიხეილ დუნდუა: „დიახ, მომავალი წლის მეორე ნახევრიდან საქართველო უნდა გადავიდეს დაგროვებით საპენსიო სისტემაზე, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ მაღალანაზღაურებად სიბერეს. ახლა გვაქვს მხოლოდ სოციალური პენსია. დაგროვებითი პენსია იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ქმნის დანაზოგების ძალიან დიდ მოცულობას წლების განმავლობაში. აკუმულირება ხდება ასეულობით მილიონი ლარის, იმისთვის, რათა დაგროვდეს დანაზოგი, შეიქმნას გრძელვადიანი რესურსი ლარში და ის გარდაიქმნას ინვენსტიციად. როცა ეს რეფორმა განხორციელდება, საქართველო გახდება საინვესტიციო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ქვეყანა შიდა ინვესტიციების განხორციელების კუთხით. სანამ არ გვაქვს დაგროვებითი სისტემა, იქამდე ამ რესურსს ვერ ვიყენებთ. იმისთვის რომ გადაიჭრას პრობლემები, აუცილებელია გაჩნდეს გრძელვადიანი რესურსი ლარში, რათა მოხდეს ინვესტირება ეკონომიკაში და ეს მხოლოდ დაგროვებითი საპენსიო რეფორმით არის შესაძლებელი. სხვა მექანიზმი უბრალოდ არ არსებობს…“

აზრთა სხვადასხვაობის ჩვენში არავის უკვირს, საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს. როგორც ფინანსთა მინისტრმა ხალხის რჩეულებს აუწყა, საპენსიო რეფორმის კანონის პროექტი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მალე წარედგინება. დაგროვებითი პენსიის კონკრეტული დეტალებიც გაირკვევა. მანამდე კი უბრალოდ მოგვიწევს დაცდა და შეგუება იმ „საამაყო“ რეალობასთან, რომ პენსიის ოდენობით რეგიონში „საპატიო“ მეხუთე ადგილი გვიკავია, ჩვენზე წინ არიან თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი…

ყველა ახალი ამბავი
0