თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ესტონელი ბიზნესმენებისთვის საქართველო ძალიან მიმზიდველი ქვეყანაა, განაცხადა ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა კადრი სიმსონმა ტელეკომპანია Rustavi2-თან საუბრისას.
თბილისში 1 ნოემბერს სასტუმრო "თბილისი მერიოტში" საქართველო-ესტონეთის ბიზნეს-ფორუმი გაიხსნა, რომელიც საქართველოსა და ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით ტარდება.
ესტონური ბიზნეს-დელეგაციისთვის საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ წარმოადგინა. ესტონეთის საინვესტიციო პოტენციალი კი ქართულ კომპანიებს ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა კადრი სიმსონმა გააცნო. ბიზნეს-ფორუმის მოდერატორი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანია.
„თუ უცხოელმა ინვესტორმა იცის, რომ მისი ინვესტიცია კარგად იქნება დაცული და ბიზნეს-გარემო თავისუფალია, ის აუცილებლად იწყებს პროექტს საქართველოში. ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირდაპირი რეისების დანიშვნის საკითხი… სწორედ ამიტომ ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა", — აღნიშნა კადრი სიმსონმა.
ესტონეთის ბიზნეს-დელეგაცია საქართველოს ესტონეთის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის ვიზიტის ფარგლებში სტუმრობს.
ესტონური ბიზეს-დელეგაციის შემადგენლობაში 29 წევრია, რომლებიც მსხვილ ესტონურ კომპანიებს წარმოადგენენ. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ბიზნეს-წრეების ორმხრივი შეხვედრები, სადაც ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებს გაესაუბრონ და მათთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელონ. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შეთავაზების საფუძველზე ბიზნეს-ფორუმზე 100-ზე მეტი ქართული კომპანია დარეგისტრირდა.
ესტონეთის დელეგაციის მხრიდან წარმოდგენილია სხვადასხვა სექტორი, მათ შორის, ლოგისტიკა, გადაზიდვები, კვების მრეწველობა, სამშენებლო სექტორი, არქიტექტურული კომპანიები და ფინანსური სექტორი.
საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივნისს დამყარდა. ესტონეთი და საქართველო თანამშრომლობენ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა და ტურიზმი, გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა და სხვ. ქვეყნები ნაყოფიერად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
საქონელბრუნვამ საქართველოსა და ესტონეთს შორის 2016 წელს 8,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის ექსპორტმა საქართველოდან — 2,8 მლნ აშშ დოლარი, ხოლო იმპორტმა საქართველოში — 5,7 მლნ აშშ დოლარი.