თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველო Doing Business-ის რეიტინგში ლიდერთა ათეულში იმ რეფორმების წყალობით მოხვდა, რომელიც ქვეყანაში 2016-2017 წლებში განხორციელდა, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ პრესკონფერენციაზე.
საქართველომ Doing Business-2018-ის რეიტინგში, რომელიც ბიზნესის წარმართვისთვის პირობების სიმარტივის ხარისხს აფასებს, მეცხრე პოზიცია დაიკავა. ქვეყანამ საკუთარი პოზიცია 7 საფეხურით გაიუმჯობესა. საქართველოს მეზობლები რეიტინგში აღმოჩნდნენ ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან ნორვეგია (მე-8 ადგილი) და შვედეთი (მე-10 ადგილი). მოხსენება მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ წარმოადგინეს.
„საქართველომ მე-16 ადგილიდან მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნეს-გარემოსა და ჩვენი საინვესტიციო კლიმატისთვის. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეიტინგია, რომელიც ათი სხვადასხვა კომპონენტით კომპლექსურად აფასებს ქვეყანაში არსებულ ბიზნეს-გარემოს, ბიზნესის წარმოების სიმარტივეს და შესაბამის დასკვნებს აკეთებს. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ელიტარული ქვეყნების კლუბშია — 190-დან იმ ქვეყნების ათეულში, სადაც შეიძლება მარტივად და კომფორტულად ბიზნესის წარმოება", — განაცხადა გახარიამ.
საქართველო ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩატარებული რეფორმების რაოდენობით (47) რეგიონში ლიდერობს. მოხსენების თანახმად, საქართველომ ერთი წლის განმავლობაში განახორციელა სამი მნიშვნელოვანი რეფორმა: შემცირდა ბიზნესისთვის ელექტროენერგიის ქსელზე მიერთების საფასური, გაუმჯობესდა მინორიტარული აქციონერების უფლებების დაცვა და ასევე გამარტივდა გაკოტრების გაფორმების პროცედურები.
გახარიას თქმით, მიღწეული პროგრესი ქვეყნის მთავრობისა და სხვადასხვა უწყებების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.
„ეს იმ რეფორმების შედეგია, რომლებიც 2016-2017 წლებში გატარდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა მომავალ წელს ჩვენი მთავრობის მიდგომა იგივე დარჩეს. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ რეფორმირება წარმოადგენს გარდაუვალ ნაწილს ისეთი მცირე ეკონომიკისთვის, როგორსაც საქართველოს ეკონომიკა წარმოადგენს და რომელსაც ჩვენი მთავრობა უნდა ემსახუროს", — აღნიშნა გახარიამ.
მინისტრის სიტყვებით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მოწინავე ქვეყნების ათეულში ბიზნეს-გარემოს, საინვესტიციო აქტივობისა და ეკონომიკური ზრდის წყალობით მოხვდა. ამასთან, კონკურენციის პირობებში ქვეყანამ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს, რათა მოხდეს ამ მაჩვენებლების გაუმჯობესება და ამ მიმართულებით განვითარება.
ბიზნესის წარმართვისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების შექმნის კუთხით წელს ახალი ზელანდია ლიდერობს. პირველი ადგილიდან მეორეზე გადაინაცვლა სინგაპურმა, რომელიც რეიტინგის სათავეში ათი წლის განმავლობაში იდგა. ლიდერთა ათეულში ასევე შევიდნენ დანია, კორეა, ჰონგ-კონგი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია და შვედეთი.
საქართველო ლიდერობს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკებში. რეიტინგში შემდეგ მოდიან მაკედონია (მე-11 ადგილი), ლიტვა (მე-16 ადგილი) და რუსეთი (35-ე ადგილი).
მოხსენება Doing Business მეთხუთმეტედ ქვეყნდება და 190 ქვეყანას მოიცავს. ის იკვლევს რეგულირების ნორმებს, რომლებიც ხელს უწყობენ ან უშლიან ბიზნესის განვითარებას საქმიანობის მთელი ციკლის განმავლობაში, საწარმოს შექმნის, ბიზნესის წარმართვის და ინვესტორების უფლებების დაცვის ჩათვლით.