თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, იუწყება უწყების პრესსამსახური.
ნუცუბიძის პლატოზე დაკავებისას ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეს, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, პროკურატურა იძიებს.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, 25 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ საქართველოს პროკურატურა დამატებით განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოღებული იქნა უშუალოდ ინციდენტის დროს, ადგილზე გამოძახებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის სამხრე კამერებისა და საპატრულო ავტომანქანაზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერები, ასევე დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია, სადაც აღმოჩნდა გარე პერიმეტრის მხოლოდ ერთადერთი ვიდეოკამერა, ამოღებული იქნა შესაბამისი ვიდეოჩანაწერი, თუმცა იგი არ ფარავს პაატა პავლიაშვილის ადმინისტრაციულად დაკავების ადგილს", — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერას დაფიქსირებული არ აქვს მომხდარი ინციდენტი და დაკავების პროცესი. ჩანაწერში ასახულია მხოლოდ გარდაცვლილი პირის ადმინისტრაციულად დაკავების შემდგომი პერიოდი, რაზეც პროკურატურაში გამოკითხვისას პატრულ-ინსპექტორმა განმარტა, რომ ის, სამხრე კამერით უწყვეტად იწერდა კონფლიქტის მონაწილე პირებთან გასაუბრებას, რის შემდგომაც სამხრე კამერა გამორთო და ჩართო მხოლოდ პაატა პავლიაშვილის ადმინისტრაციული წესით დაკავებისა და მისი შეუძლოდ გახდომის შემდგომ. მეორე პატრულ-ინსპექტორის განმარტებით, მისი სამსახურებრივი სამხრე კამერა შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს განმუხტული იყო და ინახებოდა დამუხტვის მიზნით ავტომანქანაში.
"ხსენებულ კამერაზე არ არის ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. რაც შეეხება ავტომანქანაზე დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერას, კამერაზე არ აღმოჩნდა ინციდენტის პერიოდის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ასევე იგი არ ფარავს იმ ტერიტორიას, სადაც განხორციელდა დაკავება. ამოღებულ სამხრე კამერებზე, ავტომანქანის კამერაზე და შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ გარე პერიმეტრის კამერებსა და ე.წ. "დივიარებზე" ჩანაწერების ავთენტურობის დასადგენად, დაინიშნა შესაბამისი კომპიუტერული ექსპერტიზა", — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია,რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე გამოკითხულია 20-მდე თვითმხილველი. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ყველა სხვა შესაძლო თვითმხილველის დადგენა-გამოკითხვის მიზნით. ასევე გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც ამ ეტაპზე დასრულებული არ არის.
"საქართველოს პროკურატურა საქმეზე აქტიურად აგრძელებს გამოძიებას, რომლის შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია ეცნობება საზოგადოებას", — წერია განცხადებაში.
საუბარია ოთხშაბათ საღამოს ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ინციდენტზე. მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის ფაქტზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ კონფლიქტი განმუხტა, რა დროსაც მათთან, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა. იგი შეურაცხყოფას აყენებდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსა დაიმ მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა
ოფიციალური ვერსიით, პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს არაერთგზის მოუწოდეს წესრიგისა და კანონის დაცვისკენ, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და კიდევ უფრო აგრესიული გახდა. ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, მამაკაცი უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-მ გაავრცელა მოწმეების ჩვენებები, რომლებიც საუბრობენ დაღუპულის ალკოჰოლურ და ნარკოტიკულ დამოკიდებულებაზე და აცხადებენ, რომ ის პოლიციის მიმართ აგრესიას ამჟღავნებდა.
ამავე დროს თვითმხილველებმა ჟურნალისტებს უამბეს, რომ დაკავების შემდეგ მამაკაცმა რამდენჯერმე ითხოვა დახმარება და განაცხადა, რომ შეუძლოდ არის, მაგრამ პოლიციელები მას ყურადღებას არ აქცევდნენ. დაღუპულის ზოგიერთი მეზობელი ამტკიცებს, რომ პოლიციას სასწრაფოს გამოძახება შესთავაზა, მაგრამ პოლიციას ამაზე რეაგირება არ მოუხდენია.
პროკურატურა საქმეს იძიებს სსკ-ის მუხლით "სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით".