თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. სანამ გრძელდება გამოძიება, მედია-საშუალებები ცდილობენ გაარკვიონ, რა შეიძლება გამხდარიყო 19 წლის ჯარისკაცის, ბექა რუსიას დაღუპვის მიზეზი, რომელიც ვადიან სამსახურს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში გადიოდა.
უბედური შემთხევა მოხდა ხუთშაბათს სოფელ მუჟავაში პოლიციის პოსტზე, რომელიც აფხაზეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარეობს. გარდაცვლილის ცხედარი გვიან ღამით მის მშობლიურ ქალაქ აბაშაში გადაასვენეს. მას სამსახური რამდენიემ კვირაში უსრულდებოდა, შემდეგ ის საკონტრაქტო სამსახურში მუშაობას გეგმავდა.
„გავიგეთ, რომ სმენას აბარებდა და შემთხვევით მეგობარს გაუვარდა. მე მგონია, რომ ერთი წელია, რაც მსახურობს, და, თუ არ ვცდები, 11 ნოემბერს უნდა გათავისუფლებულიყო და დაბრუნებულიყო ოჯახში“, — განაცხადა გარდაცვლილი ჯარისკაცის მეზობელმა მადონა გაბელაიამ ტელეარხ „რუსთავი 2“-თან ინტევიუში.
დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა შს მინისტრის მოადგილემ მერაბ მალანიამ, რომელიც გვიან ღამით აბაშაში ჩავიდა. მან აღნიშნა, რომ წინასწარი მონაცემებით, ეს უბედური შემთხვევა იყო.
„ვერსია უამრავია. გამოძიება მიმდინარეობს, ის პასუხს გასცემს ყველა კითხვას. ყველა, ვინც ამ ინციდენტის მონაწილეა, დაკითხულია, არავინ არსად არ გაქცეულა, ყველა ადგილზეა“, — განუცხადა მალანიამ ჟურნალისტებს.
შსს დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯებს თავის თავზე აიღებს.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის" მუხლით, რაც ხუთ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით ისჯება.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებთან მდებარე პოლიციის პოსტებზე უნდა მსახურობდნენ არა ახალწვეულები, არამედ პროფესიონალი სამხედროები.
„უფრო გამართლებული და მიზანშეწონილი იქნებოდა, ყველა პრაქტიკული და პოლიტიკური ასპექტიდან გამომდინარე, რომ იყოს პროფესიონალური არმია. არ არის სასურველი, რომ წვევამდელი იდგეს ისეთ ადგილას, სადაც მან თავისი გამოცდილების უქონლობით კონფლიქტი გამოიწვიოს“, — განაცხადა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ ტელეარხ „რუსთავი 2“-თან ინტევიუში.