მამაკაცის სიკვდილი დაკავებისას: ბოლო ცნობები

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა
საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურატურაში ირწმუნებიან, რომ დაკავებისას მამაკაცის გარდაცვალების საქმის გამოძიება ობიექტურად მიმდინარეობს

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ნუცუბიძის პლატოზე დაკავებისას ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეს, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, პროკურატურა იძიებს.

საუბარია ოთხშაბათ საღამოს ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ინციდენტზე. მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის ფაქტზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ კონფლიქტი განმუხტა, რა დროსაც მათთან, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა. იგი შეურაცხყოფას აყენებდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსა დაიმ მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

ოფიციალური ვერსიით, პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს არაერთგზის მოუწოდეს წესრიგისა და კანონის დაცვისკენ, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და კიდევ უფრო აგრესიული გახდა. ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, მამაკაცი უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.

„ჩემი ინფორმაციით, გარდაცვალების მომენტში მამაკაცს ბორკილები აღარ ეკეთა, პოლიციამ სიტუაცია შეაფასა და 112-ში სასწრაფოს გამოძახების მიზნით თავად დარეკა", — განაცხადა ადამიანთა უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ტელეარხ TV Pirveli-ს ეთერში. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე - Sputnik საქართველო
თბილისში მამაკაცი დაკავებისას გარდაიცვალა

მომხდართან დაკავშირებით მას შეკითხვები გააჩნია.

„უნდა დადგინდეს, რამდენად სწარფად მიხვდა პოლიცია, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ცუდად იყო. ამ ნაწილში გარემოებები დეტალურად უნდა დადგინდეს, რადგან მეზობლების სიტყვები განსხვავებულია. ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა. სიტუაციის შეფასებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს, სანამ გამოძიების შედეგები და სასამართლოს გადაწყვეტილება არ გახდება ცნობილი", — განაცხადა კილაძემ.

მან აღნიშნა, რომ პროკურატურამ დაკავებაში მონაწილე პოლიციელთა სამკერდე კამერების ვიდეოჩანაწერები უნდა გაასაჯაროვოს.

„ეს ჩანაწერები დაამტკიცებს, მოხდა თუ არა გადამეტება [სამსახურებრივი უფლებამოსილების]. და ჩვენთვის მთავარია, რომ დადგინდეს სიმართლე და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. და როდესაც ასეთი აზრთასხვადასხვაობა არსებობს, საზოგადოებრივი ინყტერესი უნდა დაკმაყოფილდეს", — აღნიშნა კილაძმ.

პროკურატურა საქმეს იძიებს სსკ-ის მუხლით "სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით".

„საქმეზე დაგეგმილია და მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად. კერძოდ: გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა; მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები საქმესთან კავშირში მყოფი ვიდეოჩანაწერების მოპოვების მიზნით. გამოძიების ამ ეტაპზე უკვე გამოიკითხნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, თვითმხილველი მოწმეები და გარდაცვლილის ოჯახის წევრები", — ნათქვამია პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
თბილისში სპეცოპერაციის შედეგად ოთხი პირი დააკავეს

შსს-მ გაავრცელა მოწმეების ჩვენებები, რომლებიც საუბრობენ დაღუპულის ალკოჰოლურ და ნარკოტიკულ დამოკიდებულებაზე და აცხადებენ, რომ ის პოლიციის მიმართ აგრესიას ამჟღავნებდა.

ამავე დროს თვითმხილველებმა ჟურნალისტებს უამბეს, რომ დაკავების შემდეგ მამაკაცმა რამდენჯერმე ითხოვა დახმარება და განაცხადა, რომ შეუძლოდ არის, მაგრამ პოლიციელები მას ყურადღებას არ აქცევდნენ. დაღუპულის ზოგიერთი მეზობელი ამტკიცებს, რომ პოლიციას სასწრაფოს გამოძახება შესთავაზა, მაგრამ პოლიციას ამაზე რეაგირება არ მოუხდენია.

მომხდარიდან მეორე დღეს დაღუპულის ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ მათ პოლიციის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ და იურისტი არ სჭირდებათ. ამასთან, დაღუპულის დედამ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პროკურატურის დასკვნას დაელოდება და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

საიას თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ადამიანის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ოჯახის მსგავსი პოზიცია გასაგებია და გამოძიებიაზე ვერანაირად ვერ იმოქმედებს.

„მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ოჯახს პრეტენზია, ადამიანი გარდაიცვალა პოლიციელის ხელში და შესაბამისად, გამოძიება უნდა ჩატარდეს", — განაცხადა ნაცვლიშვილმა. 

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
თბილისში მამაკაცმა ხელყუმბარით წიგნის მაღაზია გაძარცვა

ამასთან ის შსს-ს დაღუპულის წინააღმდეგ კამპანიის წამოწყებაში ადანაშაულებს.

"დაღუპულის პირადი ცხოვრება და მისი დამოკიდებულება მეორეხარისხოვანია და გამოძიების პირველ ეტაპზე განხილვის საგანს არ უნდა წარმოადგენდეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანის სიკვდილში მთავარი იყო ის, ჰქონდა თუ არა მას დამოკიდებულება. მთავარი არის ის, რომ ადამიანი პოლიციის ხელში დაიღუპა და პოლიციამ მას სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინა", — განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0