თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე პოლიციის თანამშრომლების მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებისას ახალგარზდა მამაკაცი გარდაიცვალა, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოთხშაბათ საღამოს, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის ფაქტზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ კონფლიქტი განმუხტა, რა დროსაც მათთან, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა. იგი შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე, გარშემომყოფ პირებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.
„პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს არაერთგზის მოუწოდეს წესრიგისა და კანონის დაცვისკენ, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და კიდევ უფრო აგრესიული გახდა. აღნიშნული პირი, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა", — ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ში განაცხადეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება.