თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. 2017 წლის 10 თვეში სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა რაოდენობამ 30-ს მიაღწია, განუცხადა ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელმა ლიანა ღვინიანიძემ ტელეკომპანია „იმედს" (Imedi).
„არც ერთ შემთხვევაში სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევებისგან დაზღვეული არავინ არის, თუმცა მასშტაბი, სტატისტიკა, რაოდენობა და ამ შემთხვევების მიზეზი მეტყველებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს პილიტიკა და მექანიზმი უსაფრთხოება გააკონტროლოს. ეს ადამიანები შემთხვევით არ იღუპებიან, ეს ადამიანები იღუპებიან იმიტომ, რომ სახელმწიფო არის გულგრილი", — განაცხადა ღვინიანიძემ.
27 ოქტომბერს ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში მიწისქვეშა სამუშაოების დროს სამთო მასა ჩამოიშალა. შედეგადაც გარდაიცვალა მე-6 უბნის გამყვანი, 50 წლის დავით ფორჩხიძე.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, ტყიბულში პარასკევს მომხდარი ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ შრომის უსაფრთხოების კონტროლი არ არსებობს.
„ზუსტად იმ შახტაზე, სადაც გუშინ დაიღუპა ადამიანი, რამდენიმე თვის წინ ასევე მოხდა შემთხვევა, როდესაც 4 ადამიანი დაიღუპა. არამარტო ტყიბულის შახტებში, სხვა ადგილებშიც ბევრი ფაქტია ცნობილი და თითქმის ყოველ კვირაში იღუპებიან ადამიანები. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო არის გულგრილი, სრულიად უპასუხისმგებლო იმ საკითხების მიმართ, რომლებიც აწუხებთ დასაქმებულ ადამიანებს", — აცხადებს ღვინიანიძე.
რაც შეეხება გამოსავალს, ღვინიანიძის აზრით, უნდა დადგინდეს უსაფრთხოების ისეთი სტანდარტები, რომელიც შესაბამისი იქნება კონკრეტული სამუშაო ადგილებისთვის.
„სახელმწიფომ ასევე უნდა შექმნას კონტროლის იმდენად ეფექტიანი მექანიზმები, რომ საწარმოებს აიძულებს გადახედონ უსაფრთხოების პოლიტიკა. მათ შორის შემოწმდეს ტექნიკა დანადგარები, სივრცე, რომელშიც ადამიანები მუშაობენ და ასე შემდეგ",- აღნიშნა ღვინიანიძემ.
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მონაცემებით, 2007-2016 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით საწარმოო ტრავმების შედეგად დაიღუპა 416 ადამიანი, ხოლო 716-მა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.
მხოლოდ 2016 წელს 58 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა — 84. 2015 წელს დაიღუპა 42 და დაშავდა 80 ადამიანი. რაც შეეხება მიმდინარე წელს, დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო სხეულის დაზიანებები მიიღო 10-მა. უბედური შემთხვევების უმეტესობა ხდება სამშენებლო ობიექტებზე, ამას მოსდევს ენერგეტიკის სფერო და სამთო მომპოვებელი დარგი.