შრომის პირობების ინსპექტირების შედეგად მომზადებული ანგარიშები ხელმისაწვდომი გახდა

გამოწერა
2017 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა სარჩელი მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ წესთან დაკავშირებით, რომელიც შრომის პირობების ინსპექტირების შედეგად მომზადებულ ანგარიშებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს არასაჯარო ინფორმაციად აცხადებდა.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. შრომის პირობების ინსპექტირების შედეგად მომზადებული ანგარიშები და დასკვნები, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საჯარო ინფორმაცია გახდა, აცნობეს „Sputnik—საქართველოს" ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში (EMC).

„დღემდე შრომის პირობების ინსპექტირების შედეგად მომზადებული დოკუმენტები არასამთავრობო სექტორისთვის ხელმისაწვდომი არ იყო, რათა მონიტორინგი გაგვეკეთებინა და შეგვესწავლა ამ მხრივ რა ხდებოდა, ჩვენ ეს გავასაჩივრეთ", — აღნიშნეს არასამთავრობო ორგანიზაციაში.

EMC-ს ინფორმაციით, 2017 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა EMC-ს და ა(ა)იპ „ერთობა 2013"-ის ერთობლივი სარჩელი მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ წესთან დაკავშირებით, რომელიც შრომის პირობების ინსპექტირების შედეგად მომზადებულ ანგარიშებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს არასაჯარო ინფორმაციად აცხადებდა.

მშენებლობები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა - შრომის უსაფრთხოება საქართველოში

მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული დახურულობის წესის გაუქმება გულისხმობს ინსპექტირების შედეგების, დასაქმებული პირების სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან შრომით პირობებზე სახელმწიფო დაწესებულებებში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას დასაქმებულებისა და მესამე პირებისათვის.

საქართველოს პარლამენტში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული „შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონის პროექტი განსახილველად 2017 წლის ივნისში შევიდა.

კანონპროექტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული იქნება დაიცვას შრომის უსაფრთხოების ნორმები და იზრუნოს საწარმოში დასაქმებული და იქ მისული პირების უსაფრთხოებაზე.

გარდა ამისა, ის ვალდებული იქნება პერიოდულად შეამოწმოს საწარმოს ტექნიკური აღჭურვილობის მდგომარეობა და გაითვალისწინოს საწარმოს ფიზიკური და ქიმიური ფაქტორები. ის ასევე ვალდებული იქნება უზრუნველყოს დაცვის საშუალებების მოვლა, გააკონტროლოს მათი გამოყენება და ცვეთის მიხედვით შეცვალოს ისინი და ა.შ.

თუმცა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტს მონიტორინგის უფლება აქვს მხოლოდ დასაქმებულთა თანხმობის შემთხვევაში და არც მის მიერ გაცემული რეკომენდაციაა შესასრულებლად სავალდებულო.

ყველა ახალი ამბავი
0