თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ტყიბულში, კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" მინდელის სახელობის შახტაში ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.
შსს-ს ინფორმაციით აღნიშნული ფაქტი გუშინ საღამოს მოხდა.
როგორც კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფში" აცხადებენ, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, 270-ე ჰორიზონტზე, მიწისქვეშა სამუშაოების დროს (გამკვეთისა და შტრეკის შეუღლების გამაგრებითი სამუშაობის შესრულებისას), რაც ნახშირის მოპოვებით სამუშაოებს უძღვის წინ, ჩამოიშალა სამთო მასა, რის შედეგადაც გარდაიცვალა მე-6 უბნის გამყვანი დავით ფორჩხიძე. კომპანიამ მწუხარება გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა.
დაღუპულის მეუღლე მაია ფორჩხიძე პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, რომ მისი მეუღლე შახტაში წამყვან სპეციალისტად ცხრა წლის განმავლობაში მუშაობდა. ოჯახი უსაფრთხოების ნორმების შესაძლო დარღვევაზე საუბრობს.
მეშახტე ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისწხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.