ძვირფასო მკითხველო, წინამდებარე სტატიას ფრთოსანი ფრაზით დავიწყებ. ორშაბათი მძიმე დღეა!.. სამუშაო კვირის პირველი დღის „სიმძიმის“ მრავალი მიზეზი არსებობს, განსხვავებულია ხარისხიც… შემთხვევითი არ არის, რომ პატივცემული ასტროლოგები გვირჩევენ ორშაბათობით თავი შევიკავოთ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებისა და მკვეთრი მოძრაობებისგან. თუმცა კეთილ რჩევას ყველა როდი უგდებს ყურს. ასე იყო ახლაც, როცა არჩევნებიდან პირველივე ორშაბათს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები შეიკრიბნენ. პოლიტსაბჭომ ადვილად პროგნოზირებადი და ბანალური გადაწყვეტილება მიიღო – ბოიკოტი არჩევნების მეორე ტურს! ასეთია ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის ვერდიქტი. უმალ გასული წლის საპარლამენტო არჩევნები გამახსენდა. სტილი დაცულია! გადაწყვეტილების მიღებისას კოლექტიურმა ორგანომ გამოიყენა თუ არა დახმარება — „ზარი მეგობართან“ და როგორია გავლენა კიევიდან, ჯერჯერობით უცნობია. პროტესტის მიზეზი ამჯერადაც არახალია, მოგეხსენებათ, ჩვენში არჩევნებს თავისით არავინ აგებს. ყველა „იგებს“ და სახელისუფლებო გუნდი ყველას ცალ-ცალკე „ართმევს“ მოგებას!..
საარჩევნო მარათონში ოპოზიციური ფლანგის „მიღწევები“ ორიოდე დღის წინ შევაფასე. ახლა კი საინტერესოა, მმართველი გუნდის პოლიტიკური ოპონენტები თავად რით ხსნიან ამ მარცხის მიზეზს. „ეს იყო ტოტალური გაყალბება…“, „ძალადობა ამომრჩეველზე…“, „დატრიალდა სომხური კარუსელები…“, „ხელისუფლებამ თავისი ამომრჩეველი მოიყვანა, ხოლო ოპოზიციის მომხრეები სახლში დარჩნენ…“, „კოორდინატორები საარჩევნო უბნებში ამომრჩევლებს აკონტროლებდნენ…“ – ასეთია ოპოზიციური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობის ხედვა, თუმცა ბევრი ჯერ კიდევ არ ნიშნავს მართალს.
რაც შეეხება ამ „კოორდინატორებს“ – მარცხის მიზეზად არ გამოდგება. „კოორდინატორობა“ ჯერ კიდევ 2010 წელს მოიფიქრეს. საავტორო უფლება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის. ამ ინსტიტუტის „გამპრავებელი“ კანონი მიიღეს და შესაბამისი ტექნოლოგიაც მაშინ დამუშავდა. „კოორდინატორი“ თავად ან ოჯახის წევრის მეშვეობით არკვევს, თუ ვინ არის ამა თუ იმ კორპუსში თუ დასახლებაში სახელისუფლებო პარტიის მომხრე; შემდეგ, რაკი მისგან მიიღებს პასუხს, რომ მომავალ არჩევნებზე აპირებს ხმა მისცეს მმართველ პარტიას, აღარ მოეშვება, არჩევნების დღეს ასჯერ დაურეკავს, შეახსენებს, სახლშიც მივა, ანუ ყველა გზითა და ხერხით შეეცდება იგი უბანზე მიიყვანოს, რაკი წინასწარი გამოკითხვის დროს მიიღო პასუხი, ხელისუფლებას ვუჭერ მხარსო. მაგრამ სიცრუეა, თითქოს „კოორდინატორს“ შეუძლია გააკონტროლოს, ვის შემოხაზავს მის მიერ უბანზე „მიყვანილი“ ამომრჩეველი, როცა ის მარტო დარჩება საარჩევნო ბიულეტენთან კალმით ხელში. დასტურად გამოდგება 2012 წლის მაგალითი, როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორებმა თავისი ამომრჩეველი „მიიყვანეს“, მაგრამ მან „ქართული ოცნება“ შემოხაზა… ასე რომ, ელექტორატთან მიმართებაში „თავისი“ და „სხვისი“ საკმაოდ პირობითია… „მმართველი პარტიის დამკვირვებლები თავზე ადგნენ რეგისტრატორებს“, — ასეთია ოპოზიციური პარტიების მიერ გაცხადებული კიდევ ერთი მიზეზი, თუმცა მათგან არავინ აღიარებს, რომ ე.წ. „თავმდგომთა“ შორის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც მრავლად იყვნენ. ერთი სიტყვით, არც ერთი და არც მეორე „ხერხი“ კანონს პირდაპირ არ ეწინააღმდეგება. ამდენად მოსალოდნელი იყო, რომ მმართველი გუნდი კომფორტულად გამოიყენებდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილ მექანიზმებს. მაშინ ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ „ჯადოსნური ხერხი“ სულ მალე მათ წინააღმდეგვე იქნებოდა გამოყენებული. ეს მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, რომ „ბუმერანგის პრინციპი“ პოლიტიკაშიც არსებობს. რაც მთავარია, ეს „ტექნოლოგიები“ ვერ ხსნის ასეთი კოლოსალური სხვაობის მიზეზს. ადმინისტრაციულმა რესურსმა შეიძლება ხელისუფლებას მოუტანოს მაქსიმუმ 5-10 და არა 35 პროცენტი!
ღიმილისმომგვრელია თავის მართლება, თითქოს ამომრჩეველთა აქტივობა უფრო მაღალი რომ ყოფილიყო, შედეგი კარდინალურად შეიცვლებოდა. დიახ, საკამათო არ არის, რიცხვები სხვაგვარი იქნებოდა, მაგრამ კარდინალურად არაფერი შეიცვლებოდა. „სახლში რჩება“ ამომრჩეველთა არა მხოლოდ ის კატეგორია, რომელიც ფიქრობს, რომ „დაჭამეს ერთმანეთი ამ დამპლებმა…“, „მაინც ვერ მოიგებენ…“, არამედ ის კატეგორია, რომელიც ხელისუფლებას უჭერს მხარს და არჩევნებზე არ მიდის, რაკი „ბიძინა ივანიშვილი მაინც მოიგებს, მიშა სააკაშვილი მაინც ვერ გაიმარჯვებს, მე კი დღეს უამრავი სხვა საქმე მაქვს…“ ასე რომ, „სავალდებულო მონაწილეობის“ შესახებ კანონის მიღება, რაზეც ბოლო დროს სულ უფრო ხშირად საუბრობენ, არჩევნების შედეგებს კი შეცვლიდა, თუმცა უმნიშვნელოდ. მთავარი მიზეზი ისაა, რომ ოპოზიცია ვერა და ვერ ახერხებს პოზიტიური პროექტის გამომუშავებას, რომლითაც მოიზიდავდა არა მხოლოდ საპროტესტოდ განწყობილ ელექტორატს, რომელიც მუდამ მზად არის რევოლუციური სცენარისთვის, არამედ ეცდებოდა იმ მშვიდი, დინჯი, მდუმარე, ჩაფიქრებული, დაკვირვებული და ფრთხილი ამომრჩევლის გულის მოგებას, რომელსაც უკვე მეოთხედი საუკუნეა რადიკალური ცვლილებების უბრალოდ ეშინია. ეს უმრავლესობა ინსტიქტურად მუდამ არსებულის შენარჩუნებას მისცემს ხმას, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მმართველ პარტიას „შეჩვეულ ჭირად“ აღიქვამს. ჩვენმა პოლიტიკოსებმა ეს მოცემულობა საკუთარ თავს, საკუთარ უპასუხისმგებლობასა და არაპროფესიონალიზმს უნდა დააბრალონ!… წარსულის ნგრევის, სისხლისღვრის, ომის, რევოლუციების, გადატრიალება-გადმოტრიალებების შედეგად ჩამოყალიბდა უმრავლესობაში ცვლილებებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება. ოპოზიცია კი უმცირესობაზე, ანუ საპროტესტოდ მომართულ ელექტორატზე აკეთებს გათვლას. ის „ბრძოლისთვის ყოველთვის მზადაა“, თუმცა არჩევნებს ვერ მოიგებს — შეიძლება მოიგოს მხოლოდ რევოლუცია!..
მრავალი მარცხის მიუხედავად პოლიტელიტამ ვერ გაიგო, რომ საპროტესტოდ მომართული ელექტორატი არ არის და არც შეიძლება იყოს უმრავლესობა! დემოკრატიულ ქვეყანაში ოპოზიცია იგებს იმ უმრავლესობაზე დაყრდნობით, რომელიც პოზიტიურ პროგრამებს აფასებს და ხან ერთ პარტიას აძლევს ხმას და ხან მეორეს. 2017 წლის არჩევნების შედეგები კარგად წარმოაჩენს ჩვენში „საპროტესტოდ მომართულ“ და „დაფიქრებულ“ ელექტორატს შორის არსებულ თანაფარდობას…
და, ბოლოს, ფენომენალური „მიშა“ თავისი უკრაინული თავგადასავლებით ნამდვილი მისწრებაა „ქართული ოცნებისთვის“, რადგან უმრავლესობისთვის ის დიდი ხანია ომთან, უბედურებასთან, დაძაბულობასთან, სტრესებთან ასოცირდება. შედეგად, ესოდენ მახინჯი ალტერნატივით – „ან ისევ მიშა ან ბიძინა“, ოპოზიცია მუდამ დამარცხდება, ხელისუფლება კი ყოველთვის ყველა არჩევნებს მოიგებს ასეთივე, ან კიდევ უფრო დიდი უპირატესობით!..