საარჩევნო ყულაბა... ანუ რა ღირს „ოცნება“ და რატომ?!...

გამოწერა
ვინ და რატომ უხდის ფულს პოლიტიკურელიტას?!... დაფინანსების მოცულობით მმართველი გუნდი საარჩევნო ბატალიების უპირობო ლიდერია!...

წამზომი ჩართულია და ბოლო საათებს ითვლის!.. წლის მთავარი პოლიტიკური სანახაობა მალე დაიწყება. ბატალიებისთვის ყველაფერი მზად არის… მისმა უდიდებულესობა ამომრჩეველმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს წევრი და ამდენივე მერი უნდა აირჩიოს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ადგილობრივი არჩევნებისთვის სულ რეგისტრირებულია 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო ჯგუფი. საოლქო-საარჩევნო კომისიების მიერ რეგისტრირებულია 200 საინიციატივო ჯგუფი. საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით, მერობისთვის 369 კანდიდატი იბრძოლებს, მათ შორისაა პირველი თბილისელის სტატუსის მაძიებელი 13 კანდიდატიც. მაჟორიტარი კანდიდატების რაოდენობა 4.727 შეადგენს. პარტიული სიების მიხედვით, საკრებულოს წევრობისთვის 12.902 კანდიდატი იბრძვის. ერთი სიტყვით, 3644 საარჩევნო უბანი სრულ მზადყოფნაშია, ისინი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, თითოეული უბნის წევრს გავლილი აქვთ ტრენინგი. საარჩევნო ოლქებს გადაეცათ დოკუმენტაცია — ბიულეტენები და ოქმები. არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 54389 წარმომადგენელი, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 20.641 წევრი და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი. საინფორმაციო ცენტრი მუშაობას უკვე შეუდგა. საარჩევნო პროცესს  4000-ზე მეტი ჟურნალისტი გააშუქებს…

არჩევნები - Sputnik საქართველო
ოთხი დღე არჩევნებამდე: რაიონებისა და ქალაქების მერობის კანდიდატები

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გაცხადდა საარჩევნო სუბიექტებიდან კანონით დადგენილი  საბიუჯეტო დაფინანსების მიღმა ვინ რა რაოდენობის ე.წ შემოწირულობა მიიღო… არაფერი მოულოდნელი, ტრადიციულად ის, ვინც წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ პარტიას აფინანსებს, ოპოზიციას არც ახლა წყალობს!… ვიცი ეს არავის გააკვირვებს, ასეა ჩვენში, ძალზე იშვიათი გამონაკლისის გარდა იურიდიული და ფიზიკური პირები, ვისაც ამის შნო და უნარი შესწევთ ყოველი არჩევნებისას სახელისუფლებო გუნდს ეხიდებიან ხოლმე. გამოქვეყნებული ცნობები საბოლოო არ არის, ის მოიცავს პერიოდს 1 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე, მაგრამ კარგად ასახავს ტენდენციას, რომელიც თავის მხრივ ცალკე განსჯასა და მსჯელობას მოითხოვს.  

მთლიანი შემოწირულობის 80 პროცენტი 643-მა ფიზიკურმა პირმა გაიღო, ხოლო დანარჩენი კი 32 იურიდიული პირის ანგარიშზეა. მათგან 31 „ქართული ოცნების“ შემომწირველია. ციფრები მოყვანილია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოსა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გამოქვეყნებულ ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო გარემოს შეფასებაში. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა

პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების მონიტორინგის პირველადი შედეგებით გაირკვა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი დისბალანსი პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულობებისა და კამპანიის ხარჯების თვალსაზრისით. საანგარისო პერიოდში მმართველმა პარტიამ სარეკლამო მომსახურებისათვის 4.939.306 ლარი გაიღო, მაშინ როცა სხვა ოპოზიციური პარტიების ხარჯები მნიშვნელობად ჩამორჩება მას. სახელისუფლებო გუნდის მიერ, ამავე პერიოდში მიღებული შემოწირულობა თორმეტჯერ აღემატებოდა ყველა კვალიფიციური სუბიექტის ჯამურ შემოწირულობებს!… რატომ, ხომ არ არსებობს რეალური საფუძველი რათა ვივარაუდოთ, რომ გულუხვი კომპანიები გაწეული „სამსახურისთვის“ ხარკს უხდიან მმართველ პოლიტიკურ ძალას… მოგეხსენებათ, ანდაზა „ხელი ხელს ბანს და ორივე ერთად პირსაო“ ჩვენში კვლავაც აქტუალურია…

თავად განსაჯეთ, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლეთა განცხადებით, „ქართული ოცნების“ 31 შემომწირველი კომპანიიდან 2017 წელს 15-მა გამარტივებული წესით ჯამურად 2.145.022 ლარის ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტები მიიღო. პარტიის სასარგებლოდ მათ მთლიანობაში  1.021.793 ლარი გაიღეს. 

არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო
როგორ დავიცვათ ხმები არჩევნების დღეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ მონაცემებით, შემომწირველი ფიზიკური პირებიდან, ნაწილი ასევე დაკავშირებული იყო 70 იურიდიულ პირთან, რომელმაც 2017 წელს გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვების ერთი კონტრაქტი მაინც მიიღო.

„კომპანიები მმართველი პარტიის სასარგებლოდ აკეთებენ შეწირულებებს. ზოგ შემთხვევაში ეს შესაძლოა, ლოიალობის გამოხატულებაა, თუმცა სხვა კომპანიები შესაძლოა ფიქრობენ, რომ თუ მმართველ პარტიას არ შესწირავენ, პრობლემები შეექმნებათ“, — განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გუგაურმა. კონკრეტული ციფრებით არ მინდა მკითხველი გადავღალო, მაგრამ ყურადღებას კიდევ ერთ მონაცემზე გავამახვილებ. 2017 წლის წინასაარჩევნო გარემოს შეფასებაში აღნიშნულია, რომ  სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2017 წლის 1 ივნისიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, პოლიტიკურ პარტიათა შემოწირულების შემოწმების მიზნით გაგზავნა მოთხოვნა 544 ფიზიკური პირის შემოსავლების შესწავლაზე, მათგან გამოკითხვაზე 31 პირი დაიბარა. მათგან 18 არის „ქართული ოცნების“ ხოლო 13  „ევროპული საქართველოს“ შემომწირველი.

თბილისი არჩევნების მოლოდინში - Sputnik საქართველო
ფიქრები ფინიშის სწორზე... ანუ ვერდიქტის მოლოდინში...

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით არც ერთი შემომწირველი არ დაჯარიმებულა. მათივე შეფასებით სახელმწიფო აუდიტის სამასახურმა ვერ მოახერხა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული მონაცემების პროაქტიულად და სრულად გამოქვეყნება. ასევე, პრობლემას წარმოადგენდა პარტიების დაფინანსების მონიტორინგზე პასუხისმგებელი მოადგილის შეცვლა არჩევნებამდე ორი კვირით ადრე!…

დაფინანსების მოცულობით მმართველი გუნდი საარჩევნო ბატალიების უპირობო ლიდერია, თუმცა როგორც ანალიტიკოსები და პოლიტოლოგები ხშირად აღნიშნავენ, „ქართულ ოცნებას“  სხვა სუბიექტებისგან მხოლოდ ფინანსური ნაკადები, ე.წ „დიდი ჯიბე“ როდი გამოარჩევს. როგორც ყოველთვის, ახლაც საუბარია ე.წ ადმინისტრაციულ რესურსზე… მმართველი გუნდის მთავარი სიძლიერე კი, მაინც ოპონენტების სისუსტეა. ოპოზიციური ფლანგი კიდევ უფრო დაქსაქსულია, ე.წ „კონსტიტუციური ერთობა“ ანუ ძირითადი კანონის რეფორმის პროცესში ოპოზიციურ პარტიათა ალიანსი, საკმაოდ მყიფე აღმოჩნდა. ისიც ფაქტია, რომ ვერ მოხერხდა არა თუ ქვეყნის რეგიონებში, არამედ თუნდაც მხოლოდ დედაქალაქის მერობისთვის ბრძოლაში გაერთიანება და ერთიან კანდიდატზე შეჯერება. რატომ? მიზეზი შესაძლოა ბევრი იყოს, თუმცა მრავალთა შორის მთავარი, ალბათ მაინც ის არის, რომ ოპოზიციურ ფლანგზე პარტიათა დიდი ნაწილი 2017 წლის არჩევნებს მომავალი ბატალიებისთვის მზადების ეტაპად მოიაზრებს და საკუთარ შესაძლებლობებს ამოწმებს. რეალურად, მათგან არც არავინ აპირებდა მმართველი გუნდისთვის სერიოზული კონკურენციის გაწევას. როგორ აისახება ეს არჩევნების საბოლოო შედეგებზე დრო გვიჩვენებს… ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ამ არჩევნების მყისიერი შედეგი იქნება შთამბეჭდავი, მაგრამ არა ისეთი თავბრუდამხვევი, როგორც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი იყო. მეოცნებეთა კომფორტი შემცირდება ამომრჩეველთა გამოფხიზლების გამო. არის სხვა მოსაზრებაც, კერძოდ ვარაუდობენ, რომ მმართველი გუნდი ახლაც მარტივად დაიპყრობს პოლიტიკურ მწვერვალებს!…

არადა უკვე დიდი ხანია ყველა ერთის წინააღმდეგ ქართული პოლიტიკის ბედისწერად იქცა.


ყველა ახალი ამბავი
0