თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისა და საკუთარი მოქალაქეობრივი ვალის მოხდისკენ მოუწოდა.
საქართველოს მოქალაქეებმა 21 ოქტომბერს 64 ქალაქისა და რაიონის მერები და 64 საკრებულოს დეპუტატები უნდა აირჩიონ.
„საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა გვაქვს ჩვენი უფლებების გასაღრმავებლად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ. ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, იყოთ აქტიურები, მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე, მოიხადოთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი და წვლილი შეიტანოთ დემოკრატიის გაღრმავებაში. თქვენი ქალაქებიდან, სოფლებიდან, რაიონებიდან აქტიური მონაწილეობა მიიღოთ ხელისუფლების ჩამოყალიბების პროცესში. გადადგათ ნაბიჯი პლურალიზმისა და დემოკრატიის გაღრმავების მიმართულებით", — განაცხადა პრეზიდენტმა ბრიფინგზე.
საქართველოს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას 22 პარტია და 5 საარჩევნო ბლოკი, ასევე დამოუკიდებელი კანდიდატები იღებენ. არჩევნებზე ხმის უფლება 3,4 მილიონზე მეტ ამომრჩეველს გააჩნია.
საქართველოში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკომ 64 ქალაქისა და რაიონის მერების პოსტზე 389 კანდიდატი დაარეგისტრირა.
64 საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატებისთვის გამოყოფილ 1 088 ადგილზე პრეტენდენტი 4 727 კანდიდატია. დანარჩენ ადგილებს ის კანდიდატები დაიკავებენ, რომლებიც პარტიული სიით გავლენ.
რაც შეეხება მერის არჩევნებს, ყველაზე მაღალი კონკურენცია თბილისშია — 13 ადამიანი, ყველაზე დაბალი კი ადიგენსა და ონში — 2-2 ადამიანი.