თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ბრიტანელმა ინვესტორებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს მაღალი შეფასება მისცეს და ლონდონის მერის რეზიდენციაში ბიზნეს-შეხვედრის დროს თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნის შესახებ განაცხადეს, აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" ფარგლებში ლონდონში საქმიანი ვიზიტით იმყოფებიან.
ბიზნეს-შეხვედრაზე ვაჭრობის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სპეციალურმა წარმომადგენელმა მაიკლ პრიტჩარდმა განაცხადა, რომ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავება ორივე ქვეყნის მთავრობებისთვის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.
„კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და ერთად წარმატების მიღწევა ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს", — აღნიშნა მაიკლ პრიტჩარდმა ბიზნეს-შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი შეფასებით, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ინვესტიციებისა და ვაჭრობის ზრდის უზარმაზარი პოტენციალი არსებობს. სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთის მთავრობა სხვადასხვა სფეროში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებულია.
„გაერთიანებული სამეფოს მთავრობა დაინტერესებულია ინფრასტრუქტურის, განათლების, გარემოს დაცვისა და საცალო ვაჭრობის სფეროებით, ასევე საინტერესოა საფინანსო, საბანკო და საპენსიო სერვისები. ჩვენ დღეს ვიმყოფებით მანსონ–ჰაუსში, ლონდონის ცენტრში, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს და როცა ვსაუბრობთ პენსიებზე, ბანკებსა და ფინანსურ მომსახურებაზე, გაერთიანებული სამეფო წარმოადგენს საუკეთესო პარტნიორს ამ მიმართულებებით", — განაცხადა პრიტჩარდმა.
საქართველოთი დაინტერესების შესახებ განაცხადეს თავად შეხვედრაში მონაწილე ბიზნესმენებმაც.
„საქართველო ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით მიმზიდველი ქვეყანაა ყველა საერთაშორისო ინვესტორისთვის, რომელიც რაიმე განსხვავებულის, მაგრამ უსაფრთხოს ძიებაშია. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული დაბალი გადასახადები, ბიზნესის წარმოების სიმარტივე და ხალხის სტუმართმოყვარეობა", — განაცხადა ბრიტანული კომპანია Fear Group-ის ხელმძრვანელმა სტეფან ფეარმა.
იხილეთ ასევე: „პრემიერი: საქართველოს ეკონომიკური განვითარება სწორი მიმართულებით მიმდინარეობს"
სტეფან ფეარმა აღნიშნა საქართველოს პოტენციალი ტურიზმისა და ღვინის ინდუსტრიის კუთხით. ბიზნესმენმა საქართველო მოიხსენია, როგორც ისტორიულად ღვინის წარმოების აკვანი და აღნიშნა, რომ ზოგიერთი ქართული ღვინო უფრო ძველია, ვიდრე სხვა ყველა ღვინო მსოფლიოში. მან ასევე ისაუბრა საქართველოში სასტუმროების განვითარების კუთხით არსებულ მზარდ პოტენციალზე.
„ჩემს ბიზნესს გააჩნია კვლევითი განყოფილება, რომელიც აანალიზებს და თვალყურს ადევნებს საერთაშორისო ტენდენციებს, რათა აღმოაჩინოს, თუ სად იქნება შემდეგი საინვესტიციო კერა. საქართველო განაგრძობდა სიის სათავის დაკავებას, რამაც მე მიბიძგა ქვეყანაში გამგზავრებისა და მისი შესაძლებლობების აღმოჩენისკენ", — აღნიშნა სტეფან ფეარმა.
მან ინვესტორებს მოუწოდა, ეწვიონ საქართველოს, რომელიც საინტერესო ადგილს წარმოადგენს ინვესტიციების განხორციელებისთვის და წინსვლას განაგრძობს.
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო აგრეთვე საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში ბრიტანეთის ანალიტიკური ცენტრის Chatham House მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში. დისკუსია საქართველოს საგარეო პრიორიტეტებს მიეძღვნა. შეხვედრას ესწრებოდნენ წამყვანი ანალიტიკური ჯგუფები, მასმედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე საგარეო პოლიტიკაში, წარმატებებზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მიმართულებებზე.
„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" 2014 წელს დაფუძნდა და ატარებს ოლივერ უორდროპის სახელს, რომელიც საქართველოში გაერთიანებული სამეფოს პირველი უმაღლესი წარმომადგენელი იყო 1919–1921 წლებში. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში.