ქართველი პრინცის დუელები – ორჯერ გასროლილი და ორჯერვე აცდენილი ტყვია

© Library of Georgiaნიკო ლორთქიფანიძე
ნიკო ლორთქიფანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
29 სექტემბერი დიდი ქართველი პროზაიკოსის ნიკო ლორთქიფანიძის დაბადების დღეა.

„კაფანდარა იყო, სქელი ტუჩებით, მეჩხერი ულვაშითა და კოხტად შეკრეჭილი მოკლე წვერით. სათვალიდან დაღლილი იცქირებოდა, მშვიდი ნაბიჯით დადიოდა, სახეზე მუდამ ნაღვლიანი შთაგონება ეფინა და ჩუმი ირონიით შეფერილი „მწარე" ღიმილი იცოდა. ძალზე თავისებური და შეუცნობელი გარეგნობა ჰქონდა", – ასე იხსენებდა თავის მასწავლებელს პოეტი სიმონ ჩიქოვანი.

© Library of Georgiaნიკო ლორთქიფანიძე
ნიკო ლორთქიფანიძე - Sputnik საქართველო
ნიკო ლორთქიფანიძე

ნიკო ლორთქიფანიძის პირველი დუელი ავსტრიაში შედგა. მეგობრებმა ნიკო მთელი ღამე ამეცადინეს და რამდენიმე ილეთი ასწავლეს. მოხდა სასწაული – მსუბუქად დაჭრა მეტოქე. დუელის შემდეგ კი დამეგობრებულან.

მეორე დუელი 1908 წელს შედგა. თბილისის რომელიღაც კლუბში ოფიცერ აკიმოვს სასაცილოდ აუგდია ქართველები და მასთან მოსაუბრე ნიკო ლორთქიფანიძე, რომელსაც ეს ვერ მოუთმენია და სილა გაუწნავს. ოფიცერთა დაუწერელი კანონის მიხედვით, თუ აკიმოვი სამაგიეროს არ გადაუხდიდა, ან თავი უნდა მოეკლა, ან სამუდამოდ უნდა გადაკარგულიყო. ცხადია, მან ქართველი პროზაიკოსი დუელში გამოიწვია.

ილია ჭავჭავაძე - Sputnik საქართველო
„მაშინ ეპოქა გათავდა დიდი“

ნიკო ლორთქიფანიძემ სეკუნდანტებად ილია ზურაბიშვილი და გიორგი ამირეჯიბი შეარჩია. ილია ზურაბიშვილის მოგონების მიხედვით, ნიკოს თეთრი სერთუკი ეცვა და შავი ჰალსტუხი ჰქონდა გაკეთებული. სახეზე ოდნავ ირონიული ღიმილი დასთამაშებდა. სეკუნდანტები ღელავდნენ. პირველი გასროლა აკიმოვს ეკუთვნოდა. მეგობრები ურჩევდნენ ნიკოს, გეზად დამდგარიყო და არა პირდაპირ. ასევე სთხოვდნენ, ხელი აეღო სულგრძელობაზე და პირველი სროლის დროს დამბაჩა კარგად დაემიზნებინა. ზურაბიშვილმა საგულდაგულოდ აუწია ნიკოს სერთუკის საყელო და „ლაცკანები“ და შავი ჰალსტუხიც დაუმალა, რადგან კარგ სამიზნედ მოჩანდა მკერდზე. დუელი დაიწყო. აკიმოვმა დაუმიზნა დამბაჩა და „ამ დროს, ჩემდა შესაძრწუნებლად, დავინახე, რომ ნიკო პირდაპირ მკერდგამართული დგას და სერთუკის საყელო და „ლაცკანები“ გადაუწევია, თეთრი გულისპირი და ზედ შავი ჰალსტუხი სასროლი ნიშანივით გამოირჩევა. სროლის ხმა გაისმა, ნიკო არც კი შერხეულა, ის იდგა „ნათლად გარკვეული ირონიული ღიმილით“.

© Library of Georgiaნიკო ლორთქიფანიძე
ნიკო ლორთქიფანიძე - Sputnik საქართველო
ნიკო ლორთქიფანიძე

საბედნიეროდ, აკიმოვის მიერ ორჯერ გასროლილი ტყვია ორივეჯერ ასცდა დიდ მწერალს, თავად კი დამბაჩა ორჯერ ჰაერში გაუსროლია.

დავით კლდიაშვილი - Sputnik საქართველო
„ო, რა ტანჯვა გამოვიარე!“

აკიმოვის გაოცებულმა სეკუნდანტმა ნიკოს მეგობრებს გულწრფელად განუცხადა: „მოწყალეო ხელმწიფენო, ნება მიბოძეთ გამოვთქვა ჩემი და ჩემი ამხანაგის აღტაცება თქვენი მრწმუნებელის განსაცვიფრებელი მოქმედების გამო. ჩვენ, სამხედრო ხალხი, ისე ვართ აღზრდილნი, რომ ყრმობიდანვე ვეჩვევით, საფრთხის დროს სიკვდილს ისე ვუყუროთ, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას, რომლისთვისაც ყოველ წამს მზად უნდა ვიყოთ. მაგრამ როცა ვხედავთ ადამიანს პარტიკულარულ ტანისამოსში, რომელსაც საბედისწერო წამს ისე უჭირავს თავი, თითქოს სიკვდილს აბუჩად იგდებს თავისი ადამიანური ღირსების დაცვის დროს, ამას არ შეუძლიან ჩვენი აღტაცება და პატივისცემა არ გამოიწვიოს. ჩვენ დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს თავად ლორთქიფანიძის ყოფაქცევას დუელის დროს და თვითეულმა მისმა მოძრაობამ, ფიზიკურმა და სულიერმა, აშკარად გვიჩვენა, რომ იგი ჭეშმარიტი რაინდია და უმწიკვლო. სამწუხაროდ, ჩვენ ეს პირადად ვერ განვუცხადეთ მას ბრძოლის ველზე, რადგანაც, ეს დიდი დამარცხება იქნებოდა ჩვენი ისედაც საკმაოდ დამცირებული ამხანაგისა და ამიტომ თქვენ გთხოვთ, ბატონებო, გადასცეთ მას ეს ჩვენი გულწრფელი სიტყვები და უღრმესი პატივისცემა“.

„რაინდების“ ავტორი თავად იყო სულით რაინდი, ნამდვილი დენდი და არისტოკრატი — გაგვმრავლებოდეს ქართველებს ასეთი მამულიშვილები!

 

ყველა ახალი ამბავი
0