საბა მეტრეველი
155 წლის წინ, 1862 წელს დაიბადა დიდი ქართველი პროზაიკოსი დავით კლდიაშვილი, სრულიად განსაკუთრებული მოვლენა ქართულ მწერლობაში.
კიევის სამხედრო გიმნაზიის კურსდამთავრებული ერთი პერიოდი ბათუმში განამწესა რუსეთის იმპერიამ, თუმცა ოფიცრის მუნდირით მაინც თავისი ბედკრული სამშობლოს ჭირისუფლად რჩებოდა.
ამის დასტურად ის სისხლიანი ისტორიაც გამოდგება, რომელსაც თავად იგონებს სულით ხორცამდე შეძრული მწერალი: 1902 წლის მარტის დასაწყისში ბათუმში როტშილდის ქარხნის მუშები გაიფიცნენ. მეთაურები პოლიციამ დააპატიმრა. ხალხის მასა ციხეს მიაწყდა და დაპატიმრებულთა გათავისუფლება მოითხოვა. ვერავითარი დაშინებით მუშები ვერ დაფანტეს. მერე გამოიძახეს ჯარი და უბრძანეს, დაეტუსაღებინათ ყველა. მართლაც, 400 კაცზე მეტი დაიჭირეს და ყაზარმებში შეყარეს. ამან მდგომარეობა უფრო დაძაბა. უამრავი მუშა მოაწყდა ბათუმის ქუჩებს. დემონსტრანტებმა გუბერნატორს მოთხოვნა წაუყენეს:
— გაათავისუფლეთ დაკავებული ჩვენი ამხანაგები… თუ არადა, ჩვენც შეგვყარეთ მათთან ამ ყაზარმებში!
— თქვენ რისთვის უნდა დაგაკავოთ?!
— აქედან ფეხს არ მოვიცვლით, სანამ ჩვენი ამხანაგები დამწყვდეული იქნებიან!
— ილაპარაკეთ რუსულად! — ბრძანა გუბერნატორმა.
— რუსული არ ვიცით, ტვინი გვერყევა. სად ვეძიო მე რუსული სიტყვები ჩემი ცეცხლის გამოსათქმელად?! — წამოიძახა წინ მდგომმა.
მუშების მოთხოვნით თარჯიმნად მოუხმეს დავით კლდიაშვილს. მანაც ყველაფერი ზუსტად მოახსენა გუბერნატორს, მაგრამ დაუნდობელმა მაღალჩინოსანმა დამატებითი რაზმი გამოიძახა და ჯარმა, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, სროლა აუტეხა შეკრებილ მუშებს.
„საზარელი კივილი, წივილი, აირია ყველაფერი, გარბიან გონებადაკარგულები შიშით, ჟლეტენ ერთმანეთს, დაცარიელდა იქაურობა. ქუჩა კი მოფენილია დაჭრილებით, მომაკვდავებითა და მოკლულებით. სისხლში გდია დევი ახალგაზრდები, ზოგი უძრავად, ზოგი სიკვდილს ებრძვის. გულშემზარავი კვნესა დაჭრილების, საზარელი სურათი. მოიყვანეს ეტლები, დროგები მკვდართა და დაჭრილების წასაღებად. სისხლით მოთხვრილ ადგილებს აყრიდნენ მიწას, ეტლების ბორბლებით იზილებოდა ეს ადგილები და საზარელი რამ სანახავი იყო ეს გასისხლიანებული მიწის ცომები“.
იმ რაზმიდან, რომელსაც თავად დავით კლდიაშვილი მეთაურობდა, ერთი ტყვიაც არ გავარდნილა, მაგრამ ამით ვერ დაიმშვიდა მწერალმა სინდისი, რადგან ისიც იმ ჯარში მსახურობდა და იმ „მოწყალე“ გენერლების ქვეშევრდომი იყო, ასე დაუნდობლად და უსამართლოდ რომ ხოცავდნენ მუშებს — კლდიაშვილის თანამემაულეებს…
„გულადუღებული, თვალცრემლიანი ვუყვებოდი ჩემ გარშემო შეყრილ ჯგუფს, თუ როგორ მოულოდნელად მოხდა ასეთი საშინელი ამბავი.
— ახლა სტირი?! პატიოსანი კაცი რომ ყოფილიყავი, ასე არ იქნებოდი — მომესმა უკნიდან. ამისი მთქმელი ვიღაც დედაკაცი იყო.
ადუღდა გული უარესად…
— შეგაჩვენა გამჩენმა — მივაყვირე — მხეცო! შეუბრალებელო! გესმის შენ შენი სიტყვები?!
გაგონილმა სიტყვებმა რეტი დამასხა… დიახ, რა მინდოდა მე ამ რიგებში? რატომ ვხდები მოწმე ამგვარი საშინელებისა, ამ საზიზღრობისა! ო, რა ტანჯვა გამოვიარე!!!“
უფროსი დავითთან მივიდა და უბრძანა, რაზმი ყაზარმაში სიმღერით წაეყვანა.
— ეგ შეუძლებელია! — დაიყვირა სულში ჩაფურთხებულმა ქართველმა ოფიცერმა, რომელსაც თვალწინ დაუხვრიტეს თანამემამულენი, უპირველესად, სწორედ იმიტომ, რომ ქართველები იყვნენ!
დავით კლდიაშვილმა ბრძანება არ შეასრულა!
დიდი ჰუმანისტი მწერლის ცხოვრების ამ ერთ უმძიმეს ეპიზოდში ისიც კარგად იკითხება, თუ როგორი უკომპრომისო და პრინციპული იყო დავით კლდიაშვილი, სამხედრო ოფიცერი, რომელიც არ ემორჩილებოდა უსამართლო და არაადამიანურ ბრძანებებს. დიდი პიროვნებები ხომ დიდი სიჯიუტით გამოირჩევიან, რადგან მხოლოდ ასეთები ქმნიან დიადსა და ღირებულს!