„მაშინ ეპოქა გათავდა დიდი“

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
110 წელი საუკუნის მკვლელობიდან – 12 სექტემბერი ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეა.

საბა მეტრეველი

საყოველთაოდ გავრცელებული ვერსიის მიხედვით, ილია 1907 წლის 12 სექტემბერს (ძვ. სტილით 30 აგვისტოს) სოფელ წიწამურთან მოკლა ტერორისტთა ჯგუფმა. მკვლელობის უშუალო მონაწილენი იყვნენ: გიგლა ბერბიჭაშვილი, ივანე ინაშვილი (მამასახლისი), გიორგი (ლომა) ხიზანიშვილი, თედო ლაბაური (მეეტლე), ილია მოძღვრიშვილი (მზარეული), პავლე ფშავლიშვილი (აფციაური), ვინმე იმერელი. მკვლელობას ორგანიზატორობას უწევდა მოურავი დიმიტრი ჯაში.

© ეროვნული ბიბლიოთეკაილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი
ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი - Sputnik საქართველო
ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი

ილიას მკველელობასთან დაკავშირებით ოფიციალური სასამართლო პროცესი სამჯერ ჩატარდა. 1908 და 1909 წლებში, მეფის რუსეთის დროს და საბჭოთა კავშირის არსებობის დროს – 1941 წელს. როგორც ცნობილია, საქმის გამოძიებას აპირებდა მენშევიკური მთავრობაც მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის ინიციატივით. მოულოდნელად რამიშვილმა დააპატიმრა ილიას მკვლელები – ფილიპე მახარაძე და გიგლა ბერბიჭაშვილი, მაგრამ ამით არაფერი გამოვიდა. ილიას მოძულე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ნოე ჟორდანიამ მკვლელები თურმე ციხიდან გააპარა. საკუთარი სახელმწიფო მანქანით წააყვანინა ვლადიკავკაზამდეო — ეს თავზარდამცემი ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილი გახდა 2000 წელს, როცა დაიბეჭდა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის შვილის წიგნი „ჩვენი შეცდომები“: “როდესაც ნოე რამიშვილმა დააჭერინა ილიას მკვლელობის შეთქმულების მონაწილეები, ფილიპე მახარაძე და ბერბიჭაშვილი და მკვლელობის გამოსაძიებლად საკითხი წარუდგინა დამფუძნებელ კრებას, გამოიყო საგანგებო კომისია. ამ დროს კი ნოე ჟორდანიამ ფარულად გამოაშვებინა ციხის უფროსს დამნაშავეები და თავის მძღოლს თავისივე სახელმწიფო მანქანით ჩააყვანინა ვლადიკავკაზში“ (აკაკი რამიშვილი, „ჩვენი შეცდომები, 1918-1921“. თბ. 2000 წ.გვ.91).

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშიილია ჭავჭავაძე
Князь, грузинский националист, поэт и публицист Илья Григорьевич Чавчавадзе (1837-1907) (в центре) - Sputnik საქართველო
ილია ჭავჭავაძე

1908 წელს ჟურნალ „ნიშადურში“ (N38. გვ.2-3) დაიბეჭდა დავით კასრაძის (ფსევდონიმით „ქართველი“) წერილი „პოეტის მკვლელები“, რომელშიც ავტორი პირდაპირ ადანაშაულებს სოციალისტებს: „მრავალ ტანჯულ საქართველოს კიდევ ამ 15 წლის წინათ მოევლინა ერთი საშინელი სენი: აღვირ ახსნილ და ზნე გახრწნილ არსებათა ბრბო, რომელიც სოციალიზმის ნიღაბს ატარებს, მაგრამ ფიქრობს მხოლოდ თავის კუჭსა და “არსების პურზე”. ამ უგუნურთა და ფანატიკოსთა ბრბომ, თავიანთ დემაგოგ-ბელადების შთაგონებით, იმ თავითვე უარყო ქართველი ეროვნება, დაგმო ქართული ენა და წარსული, დაგმო ქართველი ერი და მისი თავისუფალი მართვა-გამგეობა და გადიქცა სხვა ერის სოციალ-შოვინისტთა ლაქიებათ და ცენტრალიზმის სახელით ახალ მონობის მღაღადებლათ… ამ დაბრმავებულმა ბრბომ დასწვა მახათას ველზე ილიას უკვდავი ნაწერები; ამ ბრბომ დახია და დაგლიჯა ხალხის წინაშე ილიას სურათი; ამ ბრბომ შეაძულა ქართველ გლეხობას მისთვის თავ დადებული ადამიანი, მის ჭირ-ვარამის აღმნუსხველი მგოსანი, მისი მოამაგე და გულ-შემატკივარი… და სწორედ აი აქ იბადება უნებლიე კითხვა: ეს წარმოუდგენელი საზიზღრობა ხომ არ ჩაიდინეს ამ ბრბოს უვიც აგენტებმა?! იმათ ხომ არ მოკლეს ილია ჭავჭავაძე?“

როგორც გაირკვა, ილიას ზურგიდან ესროლეს და ტყვია შუბლში არ მოხვედრია. ეტლიდან გადმოვარდნის შემდეგ ერთ-ერთმა ტერორისტმა სწორედ შუბლში ორჯერ ჩაარტყა შაშხანის ლულა. ექსპერტიზით ისიც დადგინდა, რომ ილია მოკლეს იმ ტყვიით, რომელიც სხეულში შევიდა ზურგის მხრიდან და გამოვიდა მკერდში.

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშიილია ჭავჭავაძის დაკრძალვა თბილისში
Похороны грузинского писателя Илья Григорьевича Чавчавадзе - Sputnik საქართველო
ილია ჭავჭავაძის დაკრძალვა თბილისში

ამ საზარელი მკვლელობიდან გავიდა დიდი დრო — 110 წელი. ბევრი რამ ისევ ბურუსითაა მოცული, გამოითქვა მრავალი შეხედულება, თითქოს დაზუსტდა და დადგინდა დეტალები თუ სახელები… მაგრამ ფაქტი ჯიუტია – ილია ქართველის ხელით განიგმირა, არ აპატიეს საქართველოს სიყვარული! 1987 წელს საქართველოს ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა და „წმიდა ილია მართალი“ უწოდა, თუმცა მისი საფიცარი მამული, ენა ისევ დაუცველია და დიდად არც სარწმუნოების მხრივ გამოვირჩევით, რადგან ქრისტიანობა მხოლოდ დეკლარირებული გვაქვს და საქმით სხვა რამეს ვემსახურებით. ამიტომაა საჭირო, კიდევ ერთხელ გადავხედოთ იმ ცოდვის დღეს გაკვეთილად, ცოდვა-მადლის განსაკითხად, რა დაგვიტოვა, რა გზა გვიჩვენა და საითკენ მიგვიძღვის!

110 წლის წინ უნდოდათ, მაგრამ ვერ მოკლეს ილია და საქართველოსაც უკვდავება მხოლოდ მისი გზით უწერია!

ყველა ახალი ამბავი
0