„ქვაბების ხეხვას ადვილად ისწავლით – ინტელექტი აიმაღლეთ და იყავით ემპათიურები“

© Fotolia / Syda Productionsმოსწავლეები კლასში
მოსწავლეები კლასში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, ამიტომ სურვილი გაგვიჩნდა, კიდევ ერთი გამორჩეული პედაგოგი გაგაცნოთ. ნინო ჭავჭავაძე კერძო სკოლა–ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია.

 სკოლაში მუშაობის 26-წლიანი სტაჟი აქვს და ეროვნულ გამოცდებზეც არაერთხელ იყო მიწვეული. ვფიქრობთ, მისი განსხვავებული მოსაზრებები დაგაინტერესებთ.

© FB / Nino Chavchavadzeნინო ჭავჭავაძე
ნინო ჭავჭავაძე - Sputnik საქართველო
ნინო ჭავჭავაძე

– ქალბატონო ნინო, პროფესიის არჩევაზე მინდა გკითხოთ: თქვენ შემთხვევაში ეს სპონტანურად მოხდა თუ გააზრებულად?

— მასწავლებლობის სურვილი და იდეა ერთი შემთხვევის წყალობით გამიჩნდა: ერთხელ ქართულის მასწავლებელი გამოგვეცვალა და კლასში შემოვიდა ლამარა გოგოლაძე (თუ გოგალაძე — სამწუხაროდ, მისი გვარი ზუსტად არ მახსოვს). ისე მოხდა, რომ იმ ახალ მასწავლებელთან ზოგადსაკაცობრიო პრობლემებზე თავისუფალი თემა დავწერე. როცა მან ჩემი თემა წაიკითხა, მითხრა, შენგან ძალიან კარგი ქართულის მასწავლებელი გამოვა და გთხოვ, ამაზე იფიქროო. მაშინ დამამთავრებელ კლასში ვიყავი და სამედიცინოზე ჩასაბარებლად ვემზადებოდი. ამას გარდა, ნათლია მყავდა ფილოლოგი და მანაც მირჩია, შენგან ექიმი არ გამოვა, სისხლის დანახვაზე გული მიგდისო. მოკლედ, ორივეს ნათქვამზე კარგად ვიფიქრე და ფილოლოგიური ფაკულტეტის განხრა იყო — კავკასიურ ენები, სადაც ჩავაბარე კიდეც. მისი დამთავრების შემდეგ კი სკოლაში დავიწყე მუშაობა. 

– როგორც წესი, სწავლების პროცესს ურთიერთობის ფაქტორიც განსაზღვრავს. ზოგი მოსწავლეებთან დისტანციური ურთიერთობის მომხრეა, სხვები ამ მანძილს მაქსიმალურად ამცირებენ, რადგან თვლიან, რომ 21-ე საუკუნის ბავშვები სხვაგვარ მიდგომას ითხოვენ, როგორია თქვენი აზრი?  

— საერთოდ, სწორი მიდგომის მიგნება ძალიან რთულია, მით უმეტეს ახლანდელ თაობასთან, რომელიც ბევრად განვითარებულია და ცდილობს, რომ ურთიერთობებიც ასევე მარტივად დაამყაროს. ხანდახან თანამედროვე მოსწავლეები ვერც საზღვრავენ, ვის და როგორ ელაპარაკებიან, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: ყველას ეტყობა, რა ოჯახშია გაზრდილი. გარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა გაკვეთილზე შევდივარ, პირველ რიგში, ვცდილობ თბილი და საინტერესო გარემო შევქმნა. შეიძლება იმ დღეს საერთოდ არ ჩავატარო გაკვეთილი და საგნის რაიმე თემასთან დაკავშირებულ განყენებულ თემებზე ვისაუბრო. ძალიან მომწონს თბილი და არადისტანციური ურთიერთობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უზრდელობას ვერ ავიტან. მოსწავლესა და მასწავლებელს შორის აუცილებლად უნდა იყოს ურთიერთგაგება და საქმიანი ურთიერთობა, ბავშვს უნდა მოუხაროდეს გაკვეთილზე. მე ბევრი მეთოდი გამოვიყენე, სანამ აქამდე მივიდოდი. თუ ბავშვი შეამჩნევს, რომ მისი კეთილდღეობისთვის გულწრფელად იბრძვი და ისე მიაწვდი მასალას, რომ დააინტერესებ, ის გაკვეთილზე ხელს არ შეგიშლის. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააყვედრო მას შენი ცოდნა და კარგი ურთიერთობა…

სასწავლო წლის დაწყება ბაქსვუდში - Sputnik საქართველო
სამყაროში ორი პროფესიაა, რომელსაც შეუძლია ადამიანი გააკეთილშობილოს ან დაამახინჯოს...

– თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, განათლების სისტემაში რას შეცვლიდით?

— განათლების სისტემაში, პირველ რიგში, აბსოლუტურად ყველა საგანში სახელმძღვანელოებს შევცვლიდი. ადრე, როცა განათლების მინისტრი ლომაია იყო, შეხვედრაზე მთელი საქართველოს მასშტაბით 100 მასწავლებელი მიგვიწვია, სადაც კითხვა დავსვი – სახელმძღვანელოებს ხომ არ გადავხედოთ–მეთქი. მაშინ ყველამ საყვედურით შემომხედა — რას ერჩი ამ სახელმძღვანელოებსო. მე მიმაჩნია, რომ მათში პროგრამა ხელოვნურად გაწელილია, რაც არაფრით არ შეიძლება. ბავშვმა უნდა ისწავლოს ის, რაც აუცილებელია და ზოგადი განათლებაც სწორედ ამას ნიშნავს. ამა თუ იმ საგნის კონკრეტული პედაგოგები თავად აღნიშნავენ, რომ ამ მასალას მეორე კურსზე ვსწავლობდი, ამ მასალას – მესამეზეო — ეს საშინელებაა! წიგნებში ორხაზიანი პარაგრაფი წერია, დანარჩენი კი კითხვებია – რაც გინდა ის ქენი, გინდა მოიძიე ინფორმაცია და გინდა არა. ასეთი რამ არ შეიძლება!..

ბავშვები გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
განათლების სისტემა საქართველოში: 15 მინისტრი და დაუსრულებელი რეფორმები

– ასეთ რეალობაში მასწავლებლების სერტიფიცირებაზე რა აზრის ბრძანდებით?

— მე ორივე გამოცდა მაქვს ჩაბარებული და სერტიფიკატი მაქვს, ანუ 15%-ში მოვხვდი. სერტიფიცირება აუცილებელია ტარდებოდეს. განათლების სისტემამ კრედიტ-ქულები შემოიღო. რასაკვირველია, ყველა მასწავლებელი თავისი საქმის სპეციალისტი უნდა იყოს, მაგრამ, მეორე მხრივ, მასწავლებლები ზოგჯერ იბნევიან… რა ხდება, ვერ ვხვდები… ჩემ ირგვლივ შესანიშნავი პედაგოგები არიან, მაგრამ გამოცდა მათ შორის ზოგმა ვერ, ან არ ჩააბარა და ეს რას ნიშნავს, რომ ისინი ცუდი პედაგოგები არიან? ასე ცალსახად ვერ დაამტკიცებ, რა არის კარგი და რა ცუდი… 

– თქვენი მრავალწლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე, სწავლის დროს, ალბათ, გარკვეულ ზოგად დასკვნებამდე მიხვედით –  რა არის კარგი და რა ცუდი, რა შეიძლება და რა არა?

— მაგალითად, არ შეიძლება ბევრი შენი იდეა ბავშვს თავზე მოახვიო, შენ უნდა შესთავაზო მას და იქიდან შესაძლებლობის მიხედვით თავად მიხვდება, როგორ და რანაირად გააკეთოს. როცა მე თემებს ვაწერინებ, რამდენიმე ვერსიაზე კლასშივე ვმსჯელობთ ხოლმე და რაც ბავშვისთვის უპრიანია, იმას აირჩევს. არ შეიძლება, რომ ბავშვს საკუთარი აზრი მოახვიო! ბავშვს აუცილებლად უნდა მისცე აზროვნებისა და არჩევნის თავისუფლება. კარგია, რომ ახალი თაობა კარგად ინფორმირებულია და ტექნოლოგიებში ძალიან კარგად ერკვევა, მაგრამ ცუდია ის, რომ ნაკითხი თაობა არ არის, ერუდიცია და ინტელექტი სხვა რამემ უნდა მოგცეს…

სკოლის მერხები - Sputnik საქართველო
ევროპელებს საკუთარ ქვეყნებში განათლების სისტემა არ მოსწონთ

– ზოგჯერ სწორად და კარგად ნათქვამმა სიტყვამ, შესაძლოა, მომავალი ცხოვრებაც განსაზღვროს, ასეთი სწორი სიტყვები თუ გახსენდებათ თქვენი სკოლაში სწავლის დროიდან?

— ერთი ასეთი ამბავი მახსენდება: მეცხრე თუ მერვე კლასში ვიყავი. ჩვენთან რუსულის მასწავლებელი შემოვიდა და გვითხრა, ძალიან გთხოვთ, წაიკითხეთ პუშკინის „კაპიტნის ქალიშვილიო“. ჩვენ ამაზე წარბი ავწიეთ, კარგად ვსწავლობდით, მაგრამ ცოტა ზარმაცებიც ხომ ვიყავით… მაშინ ამ ქალმა გვითხრა, განსაკუთრებით გოგონებს მოგმართავთ, რომლებიც შვილების დედები უნდა გახდეთ — ქვაბების ხეხვას ადვილად ისწავლით, მაგრამ განათლება მიიღეთ, საკუთარ თავზე იმუშავეთ და ბევრი იკითხეთ, თორემ მერე ინანებთო. ჰოდა, მისი ნათქვამი რაღაცნაირად ჩამრჩა გონებაში… 

– ამის გარდა თავად კიდევ რას ურჩევთ მოსწავლეებს?

— დრო არ დაკარგოთ! მსოფლიოში ყველაფერი ისე სწრაფად იცვლება და იმდენი რამ ხდება, რომ თითოეული წუთი მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენეთ! განათლება მიიღეთ, ინტელექტი აიმაღლეთ, იყავით შემწყნარებლები და, რაც მთავარია, ემპათიურები!.. 

ყველა ახალი ამბავი
0