იმედგაცრუებული ბუკიკიო, გულუბრყვილო ევროპელები და გია ვოლსკის ეროვნული ინტერესები

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა. გაიხსნა, რათა მრავალგადაწერილ-განხილული კონსტიტუცია ქართველმა პარლამენტარებმა მიიღონ.

ოპოზიცია პროცესს, სავარაუდოდ, ბოიკოტს გამოუცხადებს. ვენეციის კომისია მაშინ დადებს დასკვნას, როცა კონსტიტუცია, სავარაუდოდ, ხელმოწერილი იქნება. თუმცა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საკონსტიტუციო პროცესში ეს ურჩობის პირველი შემთხვევა არ არის. ადრე მიხეილ სააკაშვილი მოიქცა ასე 2004 წელს  და ხელისუფლებაც 8 წლით შეინარჩუნა. „ქართული ოცნების“ მთავრობას გაცილებით ამბიციური გეგმა აქვს — ის ახალგაზრდა პარლამენტარებს განათლებას აძლევს…

როგორც ჩანს, ამ თვის ბოლოს საქართველოს ახალი კონსტიტუცია ექნება. ეს იქნება პირველი კონსტიტუცია, რომელსაც ხელს, სავარაუდოდ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოაწერს. ახალი არაფერია იმაში, რომ ვენეციის კომისია იმედგაცრუებულია. 2004 წლის თებერვალში, როცა სააკაშვილმა დაჩქარებული ტემპით შეცვალა კონსტიტუცია, ვენეციის კომისიის დასკვნას „თბილისი მერიოტში“ ეცნობოდნენ ოპოზიცია და ჟურნალისტები, მაგრამ ვენეციის კომისიის მოწოდებებს და რეკომენდაციებს მაშინაც იმდენივე ყურადღება მიაქციეს, როგორც ახლა, არჩევნების წინ. როგორც მოგეხსენებათ, სული ანუ ძალაუფლება, ტკბილია და რას არ მოგაფიქრებინებს კაცს.

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
შეხვედრა არაო!... ანუ გადაწყვეტილება მიღებულია?!...

მაგრამ ის, რაც ამ საკონსტიტუციო პროცესს ახლდა თან, მაინც გამაოგნებელია. ჯერ იყო და კობახიძემ ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკა შემოგვთავაზა და დაიქადნა, ეს ვარიანტი თუ არ გავა, გადავდგებიო. ეტყობა, მისმა გადადგომამ ვერავინ შეაშინა, რადგან ამ პოსტზე იმავე ქართული ოცნებიდან რამდენიმე ადამიანი უკვე განიხილავს საკუთარ პერსონას. მერე ეს მოდელი ინგლისურად თარგმნეს, ვენეციის კომისიას გაუგზავნეს, იარეს მოსახლეობაში, გააცნეს კონსტიტუციის პროექტი და ბოლოს შეცვლილი და  გადაწერილი დაამტკიცეს ორი მოსმენით. ასეთი ფოკუსი, სიმართლე რომ გითხრათ, პარლამენტში კი არა, „ნიჭიერის“ სცენაზეც კი იშვიათად უნახავს ქართველ მაყურებელს, მაგრამ ეს ყველაფერი არ  არის.

როგორც ირკვევა, ეს მრავალტანჯულ, შეცვლილ-გადაწერილი კონსტიტუცია ასევე თამამად გადაახტება ძველ ვერსიას და პარლამენტის რეგლამენტს და მისი დარღვევითაც იქნება მიღებული. საქმე ის გახლავთ, რომ მეორე მოსმენიდან მესამემდე დაწესებული ვადა გადის 24 სექტემბერს. 21 სექტემბრის შემდეგ კი კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტი კრძალავს პარლამენტის შეკრებას არჩევნებამდე ერთი თვით ადრე. არავინ იცის, ზუსტად ეს გათვალა მარგველაშვილმა თუ არა, მაგრამ გვარიანი პრობლემა კი დაუტოვა შურისძიების ნიშნად მმართველ პარტიას. პრინციპში, ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და შეკრებაც შეიძლება, მაგრამ არალეგიტიმურობის და არათანმიმდევრულობის სუნი ამ კონსტიტუციას ყოველთვის აუვა. აი, კონსენსუსისა რა მოგახსენოთ…

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
უსუფაშვილი: რაზე გავმართოთ ხელისუფლებასთან დიალოგი? რედაქტორები მივაშველოთ?

პარლამენტისა და პოლიტიკის ძველი მგლები არ დაიბნენ. ხოდა, გამოვიდა უმრავლესობის ერთ-ერთი მოლაპარაკე სახე — გია ვოლსკი და განაცხადა, ესო, საქართველოს ეროვნულ ინტერესებში შედისო.

„რასაკვირველია, კონსენსუსი მნიშვნელოვანია და სიტუაციას ეს უფრო წაადგებოდა, ვიდრე შეუთანხმებლობა, მაგრამ არანაირად, არც ერთი ნიშნით, ჩვენ ოპონენტებს არ ეტყობათ, რომ სურთ კონსენსუსს მივაღწიოთ. მოლაპარაკებას აქვს თავისი წესი — ყველა საკითხი, რომელიც დღის წესრიგშია, მაგიდაზე იდება, მასზე მიდის ყოველმხრივი მსჯელობა. შემდეგ გამოჩნდება, სად არის წითელი ხაზი. თავიდანვე წითელი ხაზების გავლებამ, ულტიმატუმის თემამ კონსენსუსის მიღწევის პერსპექტივა დღის წესრიგიდან მოხსნა“, — განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ვენეციის კომისიას თავად პროექტთან დაკავშირებით არავითარი შენიშვნა არ გააჩნია. „ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ“, — აღნიშნა ვოლსკიმ…

მართალია თავისებურად ვოლსკი, მართლაც თქვა ვენეციის კომისიამ, კარგი პროექტიაო. თქვა, მაგრამ მას შემდეგ შეიცვალა საარჩევნო სისტემის ნაწილი და ახლა დაჟინებით გვეუბნებიან, მოიცადეთ, საბოლოო დასკვნას 6-7 ოქტომბერს მივიღებთო.

საქართველოს კონსტიტუციის ორიგინალი - Sputnik საქართველო
მიმოფანტული „მარგალიტები“ და მუდმივი რეფორმის კვალი...

ვენეციის კომისიის მდივანმა ტომას მარკერტმა დღე არ გავა, არ შეახსენოს უმრავლესობას — ჩემი რჩევა და მოწოდება იქნება, დაელოდოს საკონსტიტუციო პროექტზე ვენეციის კომისიის მოსაზრებებს, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდებაო.

„სიმართლე გითხრათ, ცოტა გაოცებული ვარ, ვინაიდან ჩვენ გვითხრეს, რომ ამ კვირას გამოგვიგზავნიდნენ მოთხოვნას კონსტიტუციის პროექტზე ჩვენი მოსაზრების გამოხატვასთან დაკავშირებით. მართლაც გაოცებული ვიქნები, თუ პროექტს სექტემბერში მიიღებენ”, — თქვა ტომას მარკეტერმა.

სანამ ბუკიკიო იმედგაცრუებულია, მარკერტი — გაოცებული და გია ვოლსკი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს იცავს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა დაადასტურა, კი, ნამდვილად სექტემბრის ბოლოს ვიღებთ კონსტიტუციასო, ხოლო ნუკრი ქანთარიამ ბეჭედი დაარტყა — ჩვენთვის უმრავლესობის შიგნით მიღწეული კონსენსუსი ძალიან ძვირფასია და მას ვერავინ დაარღვევსო.

პარლამენტის შენობა ქუთაისში - Sputnik საქართველო
ის, რაც იყო, არ ითვლება, ანუ მოდი, თავიდან დავიწყოთ?!

რა შედეგები შეიძლება, მოჰყვეს ვენეციის კომისიის რჩევების უარყოფას? ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლებას ამის გამო ბრძოლას არავინ გამოუცხადებს, ბოლოს და ბოლოს, კონსტიტუცია მართლაც ქვეყნის შიდა საქმეა, მაგრამ არც საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ გამოვლენილი უპატივცემულობა მოუტანს რაიმე კარგს „ქართულ ოცნებას“ — ისედაც მუდმივად არაფორმალურ მმართველობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ ასეთი ნაბიჯები ოცნებას ჯერ საპრეზიდენტო, შემდეგ კი საპარლამენტო არჩევნების წაგებად დაუჯდება. ვნახოთ, 2020 წელი არც ისე შორსაა. ვადამდელ არჩევნებზე საუბარი უფრო შანტაჟს გავს, ვიდრე რეალურ გეგმას. ყოველ შემთხვევაში დღევანდელი მოცემულობით კრიზისის ნიშნები არ ჩანს, თუ დოლარმა, ბანკებმა და ვალებში ჩავარდნილმა მოსახლეობამ არ ამოიღო ხმა ან გარედან არ გადაწყვიტეს ხელისუფლების შეცვლა.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

 

ყველა ახალი ამბავი
0