ის, რაც იყო, არ ითვლება, ანუ მოდი, თავიდან დავიწყოთ?!

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის შენობა ქუთაისში
პარლამენტის შენობა ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა

მოუთმენლად ველოდი სექტემბერს. იმედი მქონდა, ზაფხულის ცხელი დღეების შემდეგ, ოდნავ მაინც დაიკლებდა ტემპერატურა. გამოგიტყდებით და სხვა მოლოდინიც მქონდა.

ნათქვამი იყო, რომ საშემოდგომოდ რიონისპირა ქალაქში ხალხის რჩეულები შეიკრიბებოდნენ და უკვე ორი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს მესამე მოსმენით მიიღებდნენ. მაგრამ, ხომ გსმენიათ, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო? ჰოდა, სწორედ ასეა ახლა. ის, რაც დასრულებული მეგონა, შესაძლოა თავიდან დაიწყოს.

„ჩვენი გუნდი მზად არის საშემოდგომო სესიამდე დარჩენილი დრო გამოიყენოს პოლიტიკური დიალოგისთვის. ყველა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას ვთავაზობთ, მიმდინარე კვირაში შევიკრიბოთ და განვაახლოთ მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე… მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგში შეხვედრამდე, კიდევ ერთხელ განვიხილოთ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი“, — განაცხადა არჩილ თალაკვაძემ მმართველი პოლიტიკური გუნდის სახელით.

თქვენი არ ვიცი და მე კი ამ გზავნილის შეტყობისთანავე უმალ გამახსენდა, რომ სახელმწიფოს ძირითადი კანონის მორიგი „გაკეთილშობილების“ პროცესი ჩვენში ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს დაიწყო. სტარტი იმთავითვე სკანდალური აღმოჩნდა. სახელმწიფოს მეთაურმა საკონსტიტუციო კომისიაში თანათავმჯდომარეობა ისურვა და უარი მიიღო. განაწყენებული პრეზიდენტი საკონსტიტუციო რეფორმას ჯერ გაემიჯნა, ხოლო პროცესის დასკვნით ეტაპზე დამოუკიდებელი თამაში წამოიწყო. ამასობაში კი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ — ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით — მუშაობა დაიწყო და თანდათან გამოიკვეთა მომავალი კონსტიტუციის კონტურები.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
რა არის საკონსტიტუციო რეფორმის მიზანი

უჩვეულო და გამორჩეული არაფერი ყოფილა. ტრადიციისამებრ, მმართველი პოლიტიკური გუნდის ხედვები საპარლამენტო თუ „სალაყბოს“ მიღმა დარჩენილი ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. არჩევნები და მასთან დაკავშირებული საკითხები დაპირისპირების მთავარ მიზეზად იქცა. მმართველ პოლიტიკურ გუნდთან ოპოზიციის ცხარე პოლემიკა ხელისუფლების ოპონენტთა ბოიკოტით დასრულდა. არასამთავრობო სექტორის ის ნაწილიც, რომელიც იმთავითვე ჩაერთო რეფორმის პროცესში, კონსტიტუციონალისტები, ისევე როგორც ვენეციის კომისია და მისი პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, მთელი პროცესის მანძილზე ღიად მიგვანიშნებდნენ რომ კონსტიტუცია სამართლებრივ-პოლიტიკური დოკუმენტია და აუცილებელია პოლიტიკურ ძალთა კონსენსუსი. 

საბოლოოდ, ჯერ საკონსტიტუციო კომისიის და შემდეგ პარლამენტის ფარგლებში, მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ორი მოსმენით მიღებულია. მესამე მოსმენა კი მხოლოდ სარედაქციო ცვლილებებს გულისხმობს — კანონის ძირითადი პრინციპები უცვლელი რჩება. 

გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს და ამ მხრივ არც ქართული კონსტიტუციის ჭრა-კერვაა გამონაკლისი.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი განახლებული კონსტიტუციის მიღების შეჩერებას მოითხოვს

ცნობილი გამოთქმისა არ იყოს, ახლა ორი გამოსავალი არსებობს: პირველი —  მესამე მოსმენით პროექტი კენჭისყრაზე არ უნდა დადგეს; მეორე — მესამე მოსმენით კენჭისყრისას პროექტმა ვერ უნდა მიიღოს ხმათა საჭირო რაოდენობა.

— ეს როგორ, რატომ, როცა მმართველ პოლიტიკურ გუნდს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავსო? შესაძლოა იკითხოთ და გეტყვით, რომ მარტივად, ვისთვის პოლიტიკურ ძალთა შორის კონსენსუსის და ვისთვისაც დიდი ან მცირე პოლიტიკური გარიგების საფუძველზე.  

ასეა თუ ისე, სახელისუფლებო გუნდის შეთავაზებაზე რეაქციამ არ დააყოვნა. მმართველ გუნდს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა განცხადებით უპასუხეს. პოზიცია ნათელია.

ხელისუფლება უპირობოდ უნდა დაუბრუნდეს მის მიერვე შემოთავაზებულ თავდაპირველ პოლიტიკურ მოცემულობას — 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე.

რაც შეეხება პროპორციული საარჩევნო სისტემის სხვადასხვა კომპონენტებთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევას, ოპოზიციური პარტიები მზადყოფნას გამოთქვამენ, ამ მიზნით „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის დაიწყონ. ამასთან, ოპოზიციას უმთავრესად მიაჩნია ე.წ. გაუნაწილებელი მანდატების სამართლიანად — პარლამენტში მოხვედრილ პოლიტიკურ ძალებს შორის პროპორციულად განაწილების უზრუნველყოფა.

პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვოლსკი - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“ მზად არის საარჩევნო სისტემის შეცვლას მხარი დაუჭიროს 2020 წლისთვის

„თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მართლაც სურს საკონსტიტუციო ცვლილებების მაღალი ხარისხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის პირობებში განხორციელება და შესაბამისად, მის მიერ ჩიხში შეყვანილი კონსტიტუციური რეფორმის გადარჩენა, ის უპირობოდ უნდა დაუბრუნდეს მის მიერვე შემოთავაზებულ თავდაპირველ პოლიტიკურ მოცემულობას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით. რაც შეეხება პროპორციული საარჩევნო სისტემის სხვადასხვა კომპონენტებთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევას, წინამდებარე განცხადებაზე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები მზადყოფნას გამოვთქვამთ ამ მიზნით „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის დასაწყებად. საარჩევნო სისტემის ყველა სხვა კომპონენტთან დაკავშირებით (როგორებიცაა: საარჩევნო ბარიერი, საარჩევნო ბლოკები და სხვა), საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური ძალები მზად ვართ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ვაწარმოოთ სუფთა ფურცლიდან“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს რვა პოლიტიკური პარტია და მოძრაობა. 

მათ შორის არ არის „რესპუბლიკური პარტია“, რომელიც არ ეთანხმება ოპოზიციური პარტიების მიდგომას საარჩევნო ბარიერისა და ბლოკების საკითხის სუფთა ფურცლიდან განხილვის შესახებ და მიიჩნევს, რომ „ხელისუფლება ასეთ ნდობას არ იმსახურებს“.

ოპოზიცია უმნიშვნელოვანეს საკითხად ასახელებს პრეზიდენტის საყოველთაო პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნებას. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ თემაზე მმართველ გუნდს ოპოზიციური პარტიებისგან დიამეტრულად განსხვავებული პოზიცია აქვს, მიზანშეწონილად მიიიჩნევს ადგილობრივი არჩევნების პარალელურად პლებისციტის ჩატარებას. 

„შექმნილ ვითარებაში, საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მზადყოფნას გამოვთქვამთ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით კონსენსუსის მისაღწევად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის, რომელიც უნდა იყოს მაქსიმალურად ღია და ინკლუზიური“, — ნათქვამია კოლექტიურ განცხადებაში.

რა კონკრეტული შედეგით დასრულდება შეხვედრა, რომელიც სავარაუდოდ, პარასკევს, 18 აგვისტოს გაიმართება. 

რას დათმობს მმართველი გუნდი და რას დასჯერდება ოპოზიცია? დაიწყება თუ არა პროცესი თავიდან და კვლავაც ხომ არ გვემუქრება ერთ წრეზე ტრიალი?.. კითხვები ბევრია, თუმცა ცნობილია, რომ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე კომენტარებს ოპოზიციასთან შეხვედრამდე აღარ გააკეთებს.

მოსალოდნელი შეხვედრის შესაძლო შედეგების პროგნოზირებით ამჯერად არც პატივცემული კონსტიტუციონალისტები შევაწუხე. წინასწარ განჭვრეტა მარტივი არ არის — ეს ხშირად ფინჯან ყავაზე მკითხაობას ემსგავსება.

ვნახოთ, დაველოდოთ, თუმცა მთავარ კითხვად მაინც რჩება: რატომ თავიდან და რატომ იმთავითვე არა?     

 

 

ყველა ახალი ამბავი
0