ქართული კვალი და „კანონიერი ქურდები" რუსი მოსამართლე ხახალევას საქმეში

© photo: Sputnik / STRINGERკრასნოდარის მხარის მოსამართლე ელენა ხახალევა
კრასნოდარის მხარის მოსამართლე ელენა ხახალევა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კრასნოდარის სამხარეო სასამართლოს მოსამართლის, ელენა ხახალევას განათლებისა და საკონტაქტო წრის ირგვლივ ვერსიები და ვარაუდები ერთმანეთს ემატება.

კრასნოდარის სამხარეო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე ელენა ხახალევა და მისი „ქართული ფესვები" სკანდალში ქორწილის გამო გაეხვა, რომელიც ორი თვის წინ საკუთარ ქალიშვილს გადაუხადა. მედიის შეფასებით, ქორწილი 2 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

ქორწილზე იმყოფებოდნენ რუსული ესტრადის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიცაა ნიკოლაი ბასკოვი, ვერა ბრეჟნევა, ვალერი მელაძე, სოსო პავლიაშვილი და იოსიფ კობზონი.

გრანდიოზული ზეიმის შემდეგ სოციალურმა ქსელებმა და მედიამ დაიწყო გარკვევა, საიდან აქვს რუს მოსამართლეს ასეთი ძვირადღირებული ღონისძიების მოწყობის საშუალება.

საქმეში ქართული კვალი გამოჩნდა. ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ ხახალევა თბილისში დაიბადა, ხოლო ამ საქმის ირგვლივ მედიაში ყველაზე პოპულარული თემა ის არის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 1991 წელს სამართალმცოდნეობის სპეციალობით გაცემული ყალბი დიპლომის წყალობით, ხახალევა რუსეთში მოსამართლე გახდა.

ხახალევა  ასევე ეჭვმიტანილია დანაშაულებრივ სამყაროსთან კავშირებში — კერძოდ, ქართველ „კანონიერ ქურდთან" რეზო ბუხნიკაშვილთან, მეტსახელად „პეწოსთან", რომელიც ახლახან რუსეთიდან გამოაძევეს.

მოსამართლის ბიოგრაფია და პირადი ცხოვრება თვალისდახამხამებაში მოექცა მედიის თვალთახედვის არეალში.

ქორწილი

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 15 ივლისს ადვოკატმა სერგეი ჟორინმა Instagram-ის საკუთარ გვერდზე ატვირთა ხახალევას ქალიშვილის ქორწილის ამსახველი ვიდეორგოლი, რომელსაც ესწრებიან ნიკოლაი ბასკოვი, ვერა ბრეჟნევა, ვალერი მელაძე, სოსო პავლიაშვილი და იოსიფ კობზონი.

Эта свадьба за 2млн$ потрясла Краснодарский край. Это не просто пир во время чумы. Это плевок Вам в лицо!!! Нет. Всем нам! Это не свадьба детей олигархов. Это свадьба дочери действующей судьи Краснодарского краевого суда Елены Хахалевой. И она не просто Судья, а Член президиума Краснодарского краевого суда и Заместитель председателя! Утритесь все, кто трудится за 20тыс р в месяц, по 8 часов каждый день. Утритесь коллеги, которые ссылаясь на действующее законодательство пытаются отстоять правду в Краснодарском краевом суде. Я многое видел, но есть вещи, которые не перестают меня возмущать. Хамство и наглость людей, которые должны стоять на защите наших интересов. Есть старая шутка про адвокатов. Мол существуют такие Адвокаты, стоимость услуг которых настолько велика, что дешевле купить судью. В данном случае это не так. Это все, что нужно знать о Краснодарском правосудии. Репост, если Вы также как и я возмущены подобным хамством и наглостью. #насудила #краснодар #суд #закон

A post shared by Сергей Жорин (@advokatzhorin) on Jul 15, 2017 at 8:46am PDT

 

ჟორინის გათვლებით, ქორწილი 2 მილიონი დოლარი დაჯდა, საიდანაც 400 000 მომღერლების ჰონორარებზე წავიდა. ridus.ru-ს მტკიცებით, ქორწილის ბოლოს მეფე-დედოფალს ავტომობილი Bentley აჩუქეს.

„ეს ოლიგარქების შვილების ქორწილი არ არის. ეს არის კრასნოდარის სამხარეო სასამართლოს მოქმედი მოსამართლის, ელენა ხახალევას ქალიშვილის ქორწილი. ის არა მხოლოდ მოსამართლეა, ის კრასნოდარის სამხარეო სასამართლოს პრეზიდიუმის წევრი და თავმჯდომარის მოადგილეცაა!" — წერს ჟორინი.

თავად მოსამართლე, რომლის ყოველთვიური ხელფასი 220 000 რუბლს შეადგენს (3400 დოლარი), ამტკიცებს, რომ ქორწილი დააფინანსა მისმა ყოფილმა მეუღლემ, ბიზნესმენმა რობერტ ხახალევმა, ხოლო ყველა ვარსკვლავი სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
რუსეთმა ქართველი "კანონიერი ქურდის", მეტსახელად "პეწოს" დეპორტირება განახორციელა

ვალერი მელაძემ განაცხადა, რომ ის რობერტ ხახალევის ბიძაშვილია, ხოლო ბასკოვმა განაცხადა, რომ სტუმრების მხრიდან "საჩუქარს" წარმოადგენდა. იოსიფ კობზონმა კომენტარისგან თავი შეიკავა.

ყალბი დიპლომი?

საქორწილო სკანდალი ახალი ჩამცხრალი იყო, როდესაც ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ გახდა ხახალევა მოსამართლე. ზოგიერთი რუსული მედია-საშუალება ამტკიცებს, რომ ხახალევა 1990-იანი წლების დასწყისში გახდა მოსამართლე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული განათლების ყალბი დიპლომის წყალობით, რომელიც მან თითქოს 1991 წელს მიიღო.

ამ ბრალდებას ხახალევამ გაზეთ „კომერსანტთან" ინტერვიუში უპასუხა, რომ ის მართლაც თსუ-ს დიპლომირებული სპეციალისტია და დოკუმენტის ასლი მის პირად საქმეში ინახება.

სააგენტო newsru.com-მა გაავრცელა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კრასნოდარის მხარის გუბერნატორის აპარატთან არსებული სამუშაო ჯგუფის წევრმა ელენა დრიუკოვამ, ასევე რეგიონის რამდენიმე მეწარმემ, რუსეთის გენერალურ პროკრატურას, საგამოძიებო კომიტეტსა და უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს განცხადებით მიმართეს და დიპლომის ნამდვილობის შემოწმება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ის ყალბი აღმოჩნდება, თაღლითობის შესახებ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვეს.

მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „Sputnik-საქართველოს" განუცხადეს, რომ ვერც ადასტურებენ, ვერც უარყოფენ ხახალევას სწავლისა და დიპლომის მიღების ფაქტს, რადგან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ეს მონაცემები შეიძლება გაიცეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებისა ან სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე. ხახალევას თბილისში დაბადების შესახებ ინფორმაციას ვერც არქივი გასცემს.

რუსული მედია აღნიშნავდა, რომ მოსამართელთა საბჭო იძულებული იქნება შვეიცარიის საელჩოს დახმარებისთვის მიმართოს, რათა დოკუმენტის ნამდვილობა შემოწმდეს.

ამასთან, ზოგიერთი ინტერნეტ-პორტალი იუწყებოდა, რომ უნივერსიტეტის ადმინიტრაციამ უკვე შეისწავლა არქივები, განიხილა 1985-1995 წლების სტუდენტთა პირადი საქმეები და გაცემული დიპლომები, თუმცა უნივერსიტეტში ხახალევას სწავლის კვალი ვერ აღმოაჩინა.

დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
ქართველი "კანონიერი ქურდი" ლარსზე დააკავეს

ამავე დროს, რამდენიმე დღის წინ, რუსულ პრესაში გამოჩნდა ახალი მტკიცებულებები იმისა, რომ ელენა ხახალევა მარლაც გახლავთ თსუ-ს 1991 წლის კურსდამთავრებული სპეციალობით „სამართალმცოდნე“. სტატიას, რომელიც ინტერნეტგამოცამა newkuban.ru-მ 29 აგვისტოს გამოაქვეყნა სათაურით „თბილისში დაადასტურეს კრასნოდარელი მოსამართლის ხახალევას დიპლომის ნამდვილობა“, თან ერთვის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიის საარქივო ცნობის თარგმანის ასლი. დოკუმენტში, რომელიც 2017 წლის 2 აგვისტოსაა გაცემული და თითქოსდა ხელმოწერილია უნივერსიტეტის კანცელარიის უფროს მანანა ციკოლიას მიერ, ნათქვამია: „უნივერსიტეტის საარქივო მასალებით დასტურდება, რომ ელენა ხახალევამ (დაბ. თარიღი 09.09.1968) გაიარა სასწავლო კურსი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალობით „სამართალმცოდნეობა“. 1991 წლის 20 ივნისის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით, ხახალევას მიენიჭა „იურისტის“ კვალიფიკაცია და გაიცა დიპლომი — PB №523043“.
დოკუმენტი გაცემულია რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის მოსამართლეთა საბჭოს მოთხოვნით.

„სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც თბილისში ფუნქციონირებს, არ გაუცია არანაირი ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ ელენა ხახალევამ 1991 წელს დაამთავრა თსუ (1989 წლიდან 2007 წლამდე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო თსუ-ს სოხუმის ფილიალი — რედ.) სპეციალობით „სამართალმცოდნეობა“ — იტყობინება საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия" სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიის უფროს მანანა ციკოლიაზე დაყრდნობით.
„ჩვენ არ გაგვიცია ცნობა, რომელიც დაადასტურებდა დიპლომის ნამდვილობას. ჯერ ერთი — ამ მოთხოვნით ჩვენთვის არავის მოუმართავს, მეორე — მე არ ვარ მსგავსი დოკუმენტების გაცემისთვის უფლებამოსილი პირი და მესამეც — იმ  წლების დოკუმენტების არქივი, რომელზეც არის საუბარი, ფიზიკურად არ არსებობს აფხაზეთში მომხდარი ცნობილი მოვლენების გამო — სადაც მანამდე იყო განთავსებული თსუ-ს სოხუმის ფილიალი — და ჩვენ არ შეგვიძლია არაფრის დადასტურება ან უარყოფა იმ წლების არქივთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა: მე არ გამიცია არანაირი ცნობა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით! ამ საკითხით დაინტერესებულმა პირებმა ჩვენ კი არა, შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართონ“, — უთხრა სააგენტოს კორესპონდენტს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიის უფროსმა მანანა ციკოლიამ, რომლის სახელიც მითითებულია ინტერნეტგამოცემის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ყოფილი ქმარი მიკროსკოპის ქვეშ

ელენა ხახალევა ამტკიცებს, რომ ქალიშვილის ქორწილის ყველა ხარჯი თავის თავზე მისმა ყოფილმა მეუღლემ აიღო. მედია რობერტ ხახალევის პიროვნების შესწავლას შეუდგა.

ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ყუბანის უნივერსიტეტის ბიოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი ელენა ტრებუშნაია (ქალიშვილობაში ხახალევა), 1980-იანი წლების ბოლოს იყო გათხოვილი ვასილი ტრებუშნოიზე და როდესაც საქართველოში დასასვენებლად იმყოფებოდა, რობერტ ზილფიმიანი გაიცნო.

მათი რომანი გაგრძელდა: რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ელენა პირველ ქმარს გაშორდა, რობერტ ზილფიმიანი მისი ახალი ქმარი გახდა. ტრებუშნაიამ ქალიშვილობის გვარი ხახალევა დაიბრუნა, იგივე გვარი ზილფიმიანმაც მიიღო და რობერტ ხახალევი გახდა.

აქ იწყება ცალკე ისტორია კრასნოდარის მხარეში რობერტ ხახალევის ისტორიის შესახებ. მედიის ვერსიით, ელენა ხახალევა ქმართან ერთად, რომელიც 2004 წელს უკვე ყოფილი გახდა, ხელს უწყობდა ქართველ ავტორიტეტებსა და მიწის რეიდერობას.

მოსამართლე და „ქურდული სამყარო"

კიდევ ერთი ქართული კვალი, რომელიც მედიამ ხახალევას საქმეში აღმოაჩინა — ქართული წარმომავლობის „კანონიერ ქურდებთან" მისი სავარაუდო კონტაქტებია.

შაქრო მოლოდოი - Sputnik საქართველო
კრიმინალურ ფულს მთელი რუსეთის მასშტაბით შაქრო კალაშოვი ანაწილებდა

ცნობილმა რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა twitter-ის საკუთარ გვერდზე ქართველი „კანონიერი ქურდის" რევაზ ბუხნიკაშვილის, იგივე „პეწოს" დაკითხვის ვიდეოჩანაწერი ატვირთა. გამომძიებლის კითხვაზე, ვისთან ცხოვრობს ის კრასნოდარში, კრიმინალური ავტორიტეტი პასუხობს, რომ ნათესავთან, ვინმე ლენა ხახალევასთან სახლში.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოს დასაწყისში რუსეთის შსს-მ 65 წლის „პეწოს" ქვეყნიდან დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო. 2015 წელს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ „პეწო"რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით დამნაშავედ ცნო და მას 22 წლით პატიმრობა შეუფარდა.  იგი სასჯელს თათრეთის ტერიტორიაზე მდებარე საპატიმრო დაწესებულებებში იხდიდა. ცოტა ხნის წინ თათრეთის უმაღლესმა სასამართლომ „პეწო" ავადმყოფობის გამო გაათავისუფლა.

„პეწოსთან" შესაძლო კავშირი ერთადერთი მტკიცებულება არ არის, რომლის მიხედვით რუსული მედია ხახალევას დამნაშავეთა სამყაროს უკავშირებს. ახლახან რუსულ მედიაში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ქალი, სავარაუდოდ მოსამართლე ხახალევა, სხვა ავტორიტეტების გარემოცვაშია — მეტსახელებით „რამაზ", „სინი" და „ბადრი".

ამასთან, პოლიტიკური ამბების სააგენტო АПН-ი წერს, რომ ჟურნალისტმა ოლეგ ლურიემ, რომელმაც „ოქროს მოსამართლის" ქალიშვილის ქორწილის ისტორია ერთ-ერთმა პირველმა გააშუქა, ზედმიწევნით შეადარა ფოტოები და ამტკიცებს, რომ საუბარია სულ სხვა ქალზე და ფოტოებზე ელენა ხახალევა არ ყოფილა.

ელენა ხახალევასა და მისი უახლოესი გარემოცვის შესახებ ვერსიები და ვარაუდები დღითი-დღე იზრდება. ჭორებისა და ფაქტების ერთამენისგან გარჩევა ძალზე რთულია.

საქართველოში კი ელენა ხახალევას „ქართულ კვალს“, რომელიც 1990-იან წლებში იკარგება, რეზონანსი ჯერ არ გამოუწვევია.

 

ყველა ახალი ამბავი
0