რუსეთმა ქართველი "კანონიერი ქურდის", მეტსახელად "პეწოს" დეპორტირება განახორციელა

გამოწერა
საქართველოს შსს-ში უარყვეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "კანონიერი ქურდი" რეზო ბუხნიკაშვილი მეტსახელად "პეწო" საქართველოში დეპორტირებულია.

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. რუსეთის შსს-მ მიიღო გადაწყვეტილება 65 წლის კრიმინალური ავტორიტეტის —  „კანონიერი ქურდის" რეზო ბუხნიკაშვილის, მეტსახელად  „პეწოს" დეპორტაციის შესახებ, იუწყება რუსეთის საინფორმაციო საშუალებები.

 „რუსეთის შსს-ს სისხლის სამართლებრივი სამძებროს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თათრეთის რესპუბლიკის შსს-ს სისხლის სამართლებრივი სამძებრო სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩაატარა რიგი ღონისძიება, რომელთა შედეგად რუსეთის შსს-მ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დანაშაულებრივი სამყაროს 65 წლის ლიდერის ყოფნის არასასურველობისა და დეპორტაციის შესახებ", — ნათქვამია სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დაკავებული - Sputnik საქართველო
"ქურდული სამყაროს" წევრობისთვის დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

2015 წელს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ "პეწო"რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით დამნაშავედ ცნო და მას 22 წლით პატიმრობა შეუფარდა. სასჯელს თათრეთის ტერიტორიაზე მდებარე საპატიმრო დაწესებულებებში იხდიდა. რამდენიმე დღის წინ თათრეთის უმაღლესმა სასამართლომ "პეწო" ავადმყოფობის გამო გაათავისუფლა.

რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მტკიცებით, "პეწო" საქართველოში დეპორტირებულია, თუმცა, საქართველოს შსს-ში ეს ინფორმაცია უარყვეს.

რეზო ბუხნიკაშვილი ზესტაფონის რაიონის სოფელ ფუთში 1952 წელს დაიბადა. საპატიმროში პირველად 18 წლის ასაკში მოხვდა.

ბოლოს „პეწო" 2013 წელს მოსკოვში დააპატიმრეს. მოგვიანებით იმ პოლიციელებს, რომლებიც  „კანონიერი ქურდის" დაკავებაში მონაწილეობდნენ, სახელმწიფო ჯილდოები გადაეცა.

ყველა ახალი ამბავი
0