თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულ დავით და ტარიელ მახარობლიძეებსა და გიორგი რეხვიაშვილს პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ბრალდებულთა დაკავების სპეცოპერაცია თბილისსა და რუსთავში ორშაბათს ჩატარდა. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულები აღიარებენ "ქურდულ სამყაროს", მონაწილეობას იღებდნენ "ქურდულ გარჩევებში" და აქტიური კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ქართველ "კანონიერ ქურდთან".
"არსებობს ბრალდებულების მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, ან/და ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო მიზნების აღსრულების საზიანო ზემოქმედების მოხდენის, ასევე, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლისა და მიმალვის საფრთხეები", — ნათქვამია განცხადებაში.
საქმის წინასწარი სასამართლო მოსმენა 21 სექტემბრისთვის არის ჩანიშნული.
საინფორმაციო საშუალებების მონაცემებით, "კანონიერი ქურდი", რომელსაც დაკავებულები ეკონტაქტებოდნენ, არის ზაალ მახარობლიძე, მეტსახელად "გლეხოვიჩი". სავარაუდოდ, დაკავებულები მითითებებს სწორედ მისგან იღებდნენ.
"ქურდული სამყარო" სპეციფიკური კრიმინალური სტრუქტურაა, რომელიც მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მოქმედებს.
ე.წ. კანონიერ ქურდებს დამნაშავეთა სამყაროს იერარქიაში უმაღლესი მდგომარეობა უკავიათ და ამ სტატუსის მიღება რამდენიმე მოქმედი "კანონიერი ქურდის" რეკომენდაციით "კურთხევის" ცერემონიაზეა შესაძლებელი. ქურდები, ტრადიციულად, ე.წ. გაგებით — წესების ნაკრებით ხელმძღვანელობენ, რომელთა დარღვევა "კანონიერი ქურდის" სტატუსის ჩამორთმევას ითვალისწინებს.