ქურდული სამყაროს წევრობისთვის პოლიციამ სამი პირი დააკავა

გამოწერა
უცხოეთში მყოფ „კანონიერ ქურდთან" აქტიური კავშირების გამო საქართველოში სამი მამაკაცი დააკავეს.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა თბილისსა და რუსთავში ჩაატარეს სპეცოპერაცია, რომლის შედეგად ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განხცადებაში.

ორი ბრალდებული პირი თბილისში დაკავეს, ერთი — რუსთავში.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულები "ქურდულ სამყაროს" აღიარებენ, მონაწილეობას იღებდნენ "ქურდულ გარჩევებში" და აქტიური კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ქართველ "კანონიერ ქურდთან".

საქმის მასალებიდან აგრეთვე ჩანს, რომ ბრალდებულებმა, უცხოეთში მყოფი "კანონიერი ქურდის" დავალებით, რუსთავში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს თანხა გამოსძალეს. თანხის ზუსტი რაოდენობა არ სახელდება, თუმცა ერთ-ერთ ბრალდებულს სამართალდამცველებმა 3500 ლარი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

დაკავება, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
თბილისის აეროპორტში პოლიციელებმა ორი „კანონიერი ქურდი" დააკავეს

გამოძიება სსკ-ის 223-ე მუხლით მიმდინარეობს ("ქურდული სამყაროს წევრობა"), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 10 წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.

"ქურდული სამყარო" სპეციფიკური კრიმინალური სტრუქტურაა, რომელიც მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მოქმედებს.

ე.წ. კანონიერ ქურდებს დამნაშავეთა სამყაროს იერარქიაში უმაღლესი მდგომარეობა უკავიათ და ამ სტატუსის მიღება რამდენიმე მოქმედი "კანონიერი ქურდის" რეკომენდაციით "კურთხევის" ცერემონიაზეა შესაძლებელი. ქურდები, ტრადიციულად, ე.წ. გაგებით — წესების ნაკრებით ხელმძღვანელობენ, რომელთა დარღვევა "კანონიერი ქურდის" სტატუსის ჩამორთმევას ითვალისწინებს.

მუხლი "ქურდული სამყაროს წევრობა" და "კანონიერი ქურდობა" საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, 2005 წელს გაჩნდა. მაშინ ორგანიზებულ დამნაშავეობას, ფაქტობრივად, ომი გამოუცხადეს.

ყველა ახალი ამბავი
0