თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. თბილსის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებულია ორი საქართველოს მოქალაქე, რომლებიც „ქურდულ სამყაროს" წევრობაში არიან ეჭვმიტანილი, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.ფ., კანონიერი ქურდობის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ფ. 1999 წლიდან ე.წ. "ქურდულ სამყაროში" აღიარებულია "კანონიერ ქურდად". დაკავებული 2004 წლიდან რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა და აქტიურად მონაწილეობდა ე.წ. "ქურდულ გარჩევებში", — აღნიშნავს უწყება.
შსს აღნიშნავს, რომ აეროპორტში იმავე ბრალდებით კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს.
„1990 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ხ.ხ., კანონიერი ქურდობის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ხ.ხ. 2014 წლიდან ე.წ. „ქურდულ სამყაროში" აღიარებულია „კანონიერ ქურდად". დაკავებული საბერძნეთში ცხოვრობდა და აქტიურად მონაწილეობდა ე.წ. „ქურდულ გარჩევებში", — აღნიშნავს უწყება.
საქართველოში „ქურდული სამყაროს" წევრობა სისხლის სამართლის დასჯადი დანაშაულია, სსკ-ის 223-ე მუხლი თავისუფლების აღკვეთას 5-დან 10 წლამდე ითვალისწინებს.