თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა კიევში 38 წლის "კანონიერი ქურდი" მანუჩარ გასვიანი (მეტსახელად "მანჩო ზუგდიდსკი") დააკავეს, ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის განცხადებაში.
"მანჩო ზუგდიდსკი" ოდესაში 2014 წლიდან ცხოვრობდა და ერთ-ერთი ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმიანობას კოორდინაციას უწევდა.
ოპერმუშაკებმა კრიმინალური ავტორიტეტი მაშინ დააკავეს, როდესაც ის კიევში ადგილობრივ დაჯგუფებებთან ზეგავლენის სფეროების გადანაწილებაზე მოსალაპარაკებლად ჩავიდა.
გასვიანი, რომელიც საქართველოში, ქალაქ ზუგდიდში დაიბადა 1979 წელს, უკრაინიდან უკვე გამოაძევეს.
საინფორმაციო საშუალებების მონაცემებით, „მანჩო ზუგდიდსკი“ ერთხელ უკვე დააკავეს 2013 წელს ყირიმის ტერიტორიაზე.
"ქურდული სამყარო" სპეციფიკური კრიმინალური სტრუქტურაა, რომელიც მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მოქმედებს.
ე.წ. კანონიერ ქურდებს დამნაშავეთა სამყაროს იერარქიაში უმაღლესი მდგომარეობა უკავიათ და ამ სტატუსის მიღება რამდენიმე მოქმედი "კანონიერი ქურდის" რეკომენდაციით "კურთხევის" ცერემონიაზეა შესაძლებელი. ქურდები, ტრადიციულად, ე.წ. გაგებით — წესების ნაკრებით ხელმძღვანელობენ, რომელთა დარღვევა "კანონიერი ქურდის" სტატუსის ჩამორთმევას ითვალისწინებს.