თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის დანაშაულებრივი საზოგადოების მონაწილეებს შორის კრიმინალურ ფულს ზაქარია კალაშოვი, ე.წ. კანონიერი ქურდი, იგივე „შაქრო მოლოდოი“ ანაწილებდა, აღნიშნულია სისხლის სამართლის საქმეში.
„კალაშოვი, როგორც რუსეთის დანაშაულებრივი საზოგადოების ხელმძღვანელი, ნიშნავდა და აკონტროლებდა სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, რომლებიც ერთიანი მიზნებით გაერთიანებული არიან ეკონომიკისა და სამეურნეო საქმიანობის სხვადასხვა სფეროში. ის მათ და საზოგადოების სხვა მონაწილეებს შორის ანაწილებდა უკანონოდ მიღებულ ფულად სახსრებს და სხვა ქონებას“, — აღნიშნულია სისხლის სამართლის საქმის მასალებში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ მის ხელთ არსებული დადგენილების ასლის საფუძველზე.
საქმის აღძვრის შესახებ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „შაქრო მოლოდოი“ გასცემდა შესასრულებლად სავალდებულო ბრძანებებსა და განკარგულებებს, უზრუნველყოფდა და გეგმავდა საზოგადოების დანაშაულებრივ საქმიანობას სხვადასხვა წყაროების დახმარებით.
ერთ-ერთი ასეთი ქვედანაყოფის ლიდერი, გამოძიების ვერსიით, იყო ანდრეი კოჩუიკოვი („იტალიანეცი“). ორივე პირი დააკავეს მოსკოვში რესტორან Elements-ის მეპატრონისგან 8 მლნ რუბლის გამოძალვის საქმეზე, რომელიც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მაღალჩინოსნების სისხლის სამართლებრივი დევნით გაგრძელდა. ჩინოვნიკებმა, გამოძიების ვერსიით, შაქრო კალაშოვისგან, დამნაშავეებისთვის ბრალდების შემსუბუქების მიზნით, ქრთამი მიიღეს.
კალაშოვი გამოძალვის საქმეშია ბრალდებული, რომელიც გასული წლის დეკემბერში მოსკოვში რესტორან Elements-თან მომხდარი სროლის შემდეგ აღიძრა. მაშინ სროლისას ორი ადამიანი დაიღუპა.